გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ შამუგია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა ლიბერგს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“, დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებს, ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტს, ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზებს.
„პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების გაფართოების კუთხით. აქტიურად ვმუშაობთ დაცული ტერიტორიების განვითარებაზე – თბილისთან ახლოს ვგეგმავთ ახალი სივრცის მოწყობას, რომელსაც ექნება როგორც დასასვენებელი, ისე საგანმანათლებლო და ტურისტული დატვირთვა. ასევე ვმუშაობთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაზე სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და რაჭაში. შვედეთის მხარდაჭერით შევძელით ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის შემუშავება, რომლის განხილვაც პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ნადირობის შესახებ კანონპროექტზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ანა ლიბერგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შვედეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს.
შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ერიკ ილესი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
