LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოჭრეს და ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, მაძლიერებთ: კალაძე

291
1

თბილისის მერი ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს, რომელშიც კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლის დროს, საცხოვრებელი ბინა არ ჰქონდა და გლდანში, მამიდასთან მოუწია ცხოვრება.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, გადაცემაში ეს ამოჭრეს და ისე გააშუქეს, თითქოს, თბილისში ბინა არ ჰქონდა და გლდანში ცხოვრობდა.

კალაძის განცხადებით, სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება, ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით კი ის ძლიერდება:

“ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სიცრუე ვიხილეთ, არასწორი ინფორმაცია. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვყვებოდი ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და ვსაუბრობდი, რომ თბილისში როდესაც ჩამოვედი, არ მქონდა საცხოვრებელი ბინა და მომიწია მამიდასთან, გლდანში ცხოვრება. ამაზე ვისაუბრე ერთ-ერთი გადაცემაში და ეს ამოჭრეს, ისე დაატრიალეს, თითქოს, თბილისში ბინა არ მქონდა და გლდანში ვცხოვრობდი. ამით, მათივე ჭკუით, იმის თქმა უნდოდათ, რომ გლდანელებს შეურაცხყოფას ვაყენებდი.

რეალურად, საუბარი იყო, რომ მამიდასთან ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი, რადგან არ მქონდა შესაძლებლობა, ბინა მქონოდა დედაქალაქში. მამიდასთან გავატარე საუკეთესო წლები, სადაც დაიწყო ჩემი წარმატება.

ბევრმა ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა არ მოიწონა ეს ყველაფერი, რაც მისასალმებელია. სიცრუეს მოკლე ფეხები აქვს და სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი სიბინძურით და სიმდაბლით რაიმეს მავნებთ, პირიქით, ამით მაძლიერებთ.

თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება. 100%-იან სიმართლეს რომ ამბობდეთ, საზოგადოება არაფერს დაიჯერებს. ყოველდღიურად სიცრუეს გადმოსცემთ, სიძულვილის ენით საუბრობთ. ეს არის ბოროტება, რომელიც უნდა დავასრულოთ. მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ნიჰილიზმი დათესოთ, ადამიანები მოატყუოთ. ამ პრინციპით მოქმედებთ: “მოდი გენერალს ჭორი მოვუგონოთო, თითქოს, მისი ქალიშვილი მსუბუქი ყოფაქცევის არისო. კი, გავავრცელოთ, მაგრამ გენერალს ქალიშვილი არ ჰყავსო. რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გავავრცელოთ, წავიდეს და იმართლოს თავიო”. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები