რამდენიმე წლის განმავლობაში ეკრანებიდან თითქმის გაუჩინარების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდში აქტიურ დაბრუნებას გეგმავს. მსახიობი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ფილმში გამოჩნდა, ამბობს, რომ კვლავ მზად არის კარიერის ახალი ეტაპისთვის.
2024 წელს ჯოლიმ ბიოგრაფიულ ფილმში, Maria ,მონაწილეობით, სადაც მან საოპერო ლეგენდა, მარია კალასი განასახიერა, შოუბიზნესში დაბრუნების პირველი ნაბიჯი გადადგა. ამჟამად კი ის ახალ ფილმს Couture-ს უწევს პოპულარიზაციას, რომელშიც ამერიკელი რეჟისორის როლს ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, მისი პერსონაჟი პარიზში, „მოდის კვირეულის“ დროს იგებს, რომ მკერდის კიბო აქვს.
ეს პროექტი ჯოლისთვის განსაკუთრებულად პირადულია. მისი დედა, მარშელინ ბერტრანი, 56 წლის ასაკში სწორედ მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. თავად მსახიობმა 2013 წელს, BRCA1 გენის მუტაციის გამო, რომელიც დაავადების განვითარების მაღალ რისკს ქმნიდა, პრევენციული ორმაგი „მასტექტომია“ ჩაიტარა.
მსახიობის თქმით, ფილმზე მუშაობისას მას არაერთხელ გაახსენდა დედა და საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.
„ვფიქრობდი დედაზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ფილმი მისთვის, როდესაც თავად ებრძოდა დაავადებას. გადაღებების დროს თავი ძალიან დაუცველად ვიგრძენი, თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში ხვდები, რომ ყველას საკუთარი ბრძოლა აქვს და ეს ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს“, – აღნიშნა ჯოლიმ.
პრომო კამპანიის ფარგლებში მსახიობმა კარიერულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბრედ პიტთან 2016 წელს დაშორებამდე მსახიობობისთვის თავის დანებებასაც კი ფიქრობდა და რეჟისურასა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ საქმიანობაზე იყო კონცენტრირებული.
ჯოლის განცხადებით, განქორწინების შემდეგ სამსახიობო კარიერას იმ მიზეზით ჩამოშორდა, რომ შვილებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა.
დღეს, წლების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ამბობს, რომ კვლავ იპოვა შინაგანი ძალა და მზად არის ჰოლივუდში დაბრუნდეს.

