LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერი მოგონილი „რეზო და ბავშვებში“ არ არის, ეს არის აბსოლუტურად ნამდვილი… გულწრფელად რაც ჩანს, რასაც ვხედავთ, როგორც ვხედავთ და როგორც აღვიქვამთ, იმაზე ვმღერით…“ – „რეზო და ბავშვების“ ახალი ალბომის პრეზენტაცია და სამომავლო გეგმები

116
რეზო-და-ბავშვები

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ წევრები, რეზო ბლიაძე და ლელო ხოტივარი სტუმრობდნენ, რომლებმაც მსმენელს ჯგუფის რიგით მეორე ალბომი, „დიდების ალბომი“ წარუდგინეს. გადაცემაში სიმღერების „სოხუმი“ და „ილია ვარ“ პრემიერა შედგა.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

რეზო: ჩვენკენ ყველაზე კარგი ის არის, რომ უკვე დღე-დღეზე ციფრული ვერსიით გამოვა ჩვენი რიგით მეორე ალბომი. ალბომში შესულია 11 საავტორო სიმღერა. გაგიკვირდებათ, ალბათ და ჩვენ ჩვენი საავტორო სიმღერები გვაქვს, ძირითადად ამით ვცხოვრობთ და სასიამოვნოა ის, რომ ამ სიმღერებით დაიწყო „რეზო და ბავშვები“, ძალიან ბევრი წლის წინ. მერე, ისე მოხდა, რომ ჩვენი სულ სხვა სიმღერები შეიყვარა მსმენელმა და მაყურებელმა და ეს სიმღერებიც რაღაცნაირად რეპერტუარიდან ამოვიდა. გამოხდა ხანი და სულ სხვა ყურით და ტვინით მოვისმინეთ ჩვენი ძველი სიმღერები. ჩავთვალეთ, რომ არცერთი არ იყო დავიწყების ღირსი.

ლელო: არ იყო ეს სიმღერები ასე თაროზე შემოსადები.

რეზო: ვფიქრობ, რომ ახლა უფრო სწორი დროა იმისთვის, რომ ეს სიმღერები გამოსულიყო, ვიდრე მაშინ, ჩვენ რომ ჯგუფის კეთება დავიწყეთ, რადგან ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ეს სიმღერები უბრალოდ არ ისმინებოდა ისე, როგორც იმსახურებდა მოსმენას, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისიდან დაწყებული, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული. მაგალითად, დღეს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენს შესახებ ბევრი რამ იცის მსმენელმა და კიდევ უფრო ბევრი რამ არ იცის, ამიტომ გვინდა, რომ თავიდან დავიწყოთ მოყოლა, სინამდვილეში რატომ ვარსებობთ, როგორ დაიწყო „რეზო და ბავშვები“. ეს არის მთელი ამ ალბომის კონცეფცია და იდეა, რომ ჩვენი განვლილი რაღაცნაირი გზა, ტრაექტორია ვაჩვენოთ მაყურებელს.

ლელო: პირველად, 2010 წელს როდესაც შევიკრიბეთ, რეზიკო ამ სიმღერებით მოვიდა. სულ გვეგონა, რომ ახლა ამის დრო არ არის, არ მოსწონთ, ხომ ხვდებით, მუსიკალური კომპლექსები რომ გაწუხებს… ვფიქრობ, რომ იმის მერე, რაც „მეგობარო“, „ველოსიპედი“ და ა.შ. , ჩვენი ჯგუფის ჰიტები იყო, ახლა, ზუსტად ამის დროა. ეს ძალიან ახალგაზრდა „რეზო და ბავშვების“ სიმღერებია, ცოტა ხისტი, ცოტა რაღაცნაირი, არაფერს რომ არ ექვემდებარება, თითქმის ყველა სიმღერა განსხვავებული ჟანრია. 11 სიმღერიდან 10 არის ძველი, 1  ახალი. ეს ერთი არის „სოხუმი“.

ვისაუბროთ სიმღერაზე „როკ-ენ-როლიდან“.

რეზო: „როკ-ენ-როლიდან“ არის სიმღერა, რომელიც უფრო მეტს საუბრობს თავის თავზე, ვიდრე ჩვენზე, შესაბამისად, ჩვენზეც 1-2 სიტყვა სიტყვის.

რაღაც მომენტში, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი ნულიდან იყო დასაწყები და ამაზეა ეს სიმღერა. როკ-ენ-როლი, როგორც ჩვენი აზრით, საუკეთესო მუსიკის საწყისი, არის ამ იდეის, ამ სიმღერის მიწოდების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი.

მოგვიყევით სიმღერაზე „ადამიანი“.

რეზო: ეს სიმღერაერთგვარი „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსია. ადამიანის ნაირფეროვნებაზეა საუბარი.

ლელო: ამ სიმღერას როცა იმღერებ, ყველაფრის უფლება გაქვს ამის მერე, იტყვი, რომ აი ადამიანი ვარ.

რეზო: ვინც თავს ადამიანად თვლის, პირველ რიგში, ალბათ, ამ კრიტერიუმებთან უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა გქონდეს გარკვეული – სულელი ხარ, ჭკვიანი ხარ თუ როგორი ხარ.

ეს სიმღერაც 12 წლის წინ შეიქმნა? რატომ ფიქრობდით, რომ მაშინ არ იყო მისი დრო?

რეზო: კი, წარმოიდგინეთ, გავიდა 12 წელი და ახლაც არის ამ სიმღერის დრო და მიხვდი, რომ მაშინაც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, ამიტომ უნდა რეალიზდეს ეს სიმღერები.

როგორ ახერხებთ, რომ ყოველთვის ადამიანების სათქმელს ამბობთ? ტექსტები ძალიან ახლოს არის ადამიანებთან, ამბობს სათქმელს, რომლის აღიარებაც ზოგ ადამიანს უჭირს, როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ ამ ყველაფრის თქმა, აღიარება მათ? ძალიან მაგარია, როცა ადამიანის სათქმელს ამბობ.

რეზო: და ჩვენ სიმღერაც კი არ გვიჭირს… (იცინის).

დაგეთანხმები, რომ ძალიან მაგარია, ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ „რეზო და ბავშვები“ ძალიან მაგარი ჯგუფია, გვაქვს გარკვეული ამბიციები და როგორც ჩანს, როცა ჯგუფის კეთება დავიწყეთ, მაშინაც გვქონდა. ჩვენს სიმღერებში მთავარია აზროვნება, დანარჩენი ყველაფერი არის ინსტრუმენტი და რესურსები, რომლის შესწავლაც, სხვათა შორის, გზადაგზა, ცხოვრების მანძილზე მოგვიწია.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მრავალფეროვანი ჟანრის მქონე, თავის სათქმელს რომ ამბობდეს, ზოგჯერ მწარესაც კი, მსგავსი სხვა არავინ მეგულება…

რეზო: მადლობა… ჩვენც ასე ვფიქრობთ.

ლელო: გეთანხმებით.

მე ვერ ვიტყვი, რომ კრეატივის პრობლემაა ქართულ მუსიკაში, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ გამბედაობა იმის, რომ სხვანაირად მიუდგე… იმიტომ, რომ ძალიან დიდი კომპლექსების ბუდეა მუსიკა, მუსიკოსობა, ზოგადად ხელოვანის საქმე. „აბა, ის როგორ გაიგებს, ეს როგორ გაიგებს, არ მოეწონება…“ – სულ მუსირებს ეს საკითხი, მაგრამ მე მგონი, ზუსტად მანდ არის წარმატების გასაღები, რომ რაც შენ გგონია, რომ სწორია, ის უნდა დააჯერო სხვებსაც, მოსწონთ თუ არა… აუცილებლად მოეწონებათ.

ვფიქრობ, რომ როდესაც დაბალი თვითშეფასება გაქვს ადამიანს, მაშინ გაქვს კომპლექსები, რომ შეიძლება, ვიღაცას რაღაც არ მოეწონოს…

რეზო: ზოგადად, ხელოვანი და მუსიკოსი მაგისთვის არსებობს, რომ ცოტა დააფიქროს ადამიანი, მოხსნას ეს კომპლექსი. სხვათა შორის, ამ ალბომში გვაქვს სიმღერა, სადაც არის ასეთი ფრაზა – „მე მოგიკლავ კომპლექსებს“. აი ასეთი ჯგუფია „რეზო და ბავშვები“, გულწრფელად რაც ჩანს, რასაც ვხედავთ, როგორც ვხედავთ და როგორც აღვიქვამთ, იმაზე ვმღერით და ვამყარებთ ემოციურ კავშირს მაყურებელთან და ზუსტად ამიტომ გგონია შენზე ეს სიმღერა, არადა სინამდვილეში, არის ჩემზეც, გიორგიზეც, ყველაზეა…

ვისაუბროთ „ემიგრაციაზე“.

რეზო: რატომ ეს სიმღერა?! ჩემი მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ 2011-2012 წლებში და აი ამ დროის სიმღერაა ეს. ეს პროტესტი და განწყობა, რომელიც ამ სიმღერაში ჩანს და მოთხოვნა, რომ – „დამიბრუნე დედაჩემი“, ზუსტად მაგ დროის ემოციასთან ასოცირდება ჩემთვის დღესაც და არ ნელდება. ახლა, მამა აქ არის, დედა ისევ ემიგრაციაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ მალე აღარ იქნებიან ემიგრანტები, რადგან ყველა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ამისთვის, მთელი ოჯახი.

ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი ემიგრაციაში იყო, წარმოიდგინეთ… მარტო მე და ბებო დავრჩით საქართველოში.

არაფერი მოგონილი „რეზო და ბავშვებში“ არ არის, ეს არის აბსოლუტურად ნამდვილი, ნაღდი, რაც ხდება, ის, გადმოტანილი სიმღერით. ხშირად ამაზე ვიცინით, ხშირად ამაზე ვფიქრობთ, გვინდა, რომ რაღაცნაირად ისე შევხედოთ საკითხებს, რომ დრამა ნაკლები იყოს, რაც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, პოზიტივში დავაკონვერტიროთ და ეს მივაწოდოთ ადამიანებს.

მოგვიყევით სიმღერაზე „ვირუსი“.

ეს ჩვენი ერთ-ერთი პირველი სიმღერაა. ეს, უბრალოდ, ახალი ვერსიაა.

როგორია სამომავლო გეგმები?

რეზო: სექტემბერში ვაპირებთ ძალიან დიდ კონცერტს, სადაც დაბეჭდილი ვერსიით დავახვედრებთ ჩვენს ერთგულ მსმენელს ალბომს.

უკვე მოფიქრებული გვაქვს მესამე ალბომი, ასე რომ, მეგობრებო, წინ დიდი სიურპრიზები გელოდებათ. არ ვჩერდებით.

ვისაუბროთ სიმღერაზე „სოხუმი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ლელო: მე მგონი, საუბარი არც უნდა ამ სიმღერას.

რეზო: ეს სიმღერა ვიმღერეთ ზუსტად ერთი წლის წინ, 15 მაისს, „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ და ამ კონცერტზე მოხდა ასეთი საინტერესო რამ, ეს სიმღერა რომ გაჟღერდა, ვიდეოს ნაწყვეტი გავრცელდა და ჩვენმა ძალიან კარგმა მეგობარმა, ძალიან საყვარელმა ადამიანმა მოგვწერა, ლაშა ბასლანძემ, რომ ამ სიმღერაზე ერთობლივად გადაგვეღო ვიდეო. დღეს არის მისი დაბადების დღე, ეს არის პირველი დაბადების დღე, რომელსაც ლაშას მეგობრები, ახლობლები, საყვარელი ადამიანები მის გარეშე ვხვდებით. ძალიან სიმბოლურია ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ, რომ ეს სიმღერა მივუძღვნათ ლაშას და თუ ჩვენ ოდესმე სოხუმში ვიმღერებთ ამ სიმღერას და აუცილებლად ვიმღერებთ, საქართველოს დროშის თანხლებით, ეს სიმღერა იქაც ბასლას მიეძღვნება.

როგორი ისტორია აქვს სიმღერას „იარე ნელა“?

რეზო: ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ბორჯომში, მანქანით გადავადგილდებოდით მეგობრები და მოხდა ასეთი ცუდი შემთხვევა, მანქანებით დავარტყით ერთმანეთს და ხიდიდან მდინარეში გადავვარდით. შემდგომ, ამასთან დაკავშირებით დაიწერა ეს სიმღერა. შევეცადე, სხვა მეგობრებისთვისაც მეთქვა, რომ სისულელეა, დებილობაა კონტროლის დაკარგვა სიჩქარის გამო.

ვის ეძღვნება სიმღერა „ისევ“?

რეზო: სიყვარულის გარეშე არ არსებობს ეს ცხოვრება და არც სოციუმი. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი სიმღერა ჩვენი რეპერტუარიდან, რომელიც სიყვარულზე იყო. ჩვენ არ ვართ ჯგუფი, რომელიც სიყვარულზე მღერის, უფრო სოციალური ჯგუფი ვიყავით დასაწყისში, მაგრამ ასეთი ბალადა გვქონდა.

სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, ვის ეძღვნებოდა.

ლელო: მე მახსოვს…

ვინ მიხვდა, რომ ახლა, მოვიდა ამ სიმღერების დრო?

ლელო: პერიოდულად,საუბარი სულ იყო ამ სიმღერებზე, მაგრამ მერე ვთქვი, რაღატომ ვისაუბროთ, მოდი, ჩამოვწეროთ 10-11 სიმღერა და ალბომი დავიწყოთ-მეთქი. იმ დღესვე ჩამოვწერეთ ათი სიმღერა და დავიწყეთ ალბომის კეთება. „სოხუმი“ ჯერ არ იყო დაწერილი და რეზიკომ თქვა, რამე ერთ ახალ სიმღერას კიდევ დავამატებო.

რეზო: ეს ალბომი თავიდან ბოლომდე ჩვენივე სტუდიაში არის გაკეთებული და დამზადებული. არანჟირების ავტორი ლევან ხოტივარია, მან მიიყვანა სრულყოფილებამდე.

ასეთ თემებზე სიმღერები მე ქართულ ენაზე არ მომისმენია და მე ვამაყობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ამ თემებზე ვმღერით. ვფიქრობ, რომ პირველიდან ბოლო სიმღერამდე სათქმელი ძალიან ბევრია.

რას გვეტყვით სიმღერაზე „მტერო“?

რეზო: ამ სიმღერასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი მინდა გავაკეთო, ვიღაცები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამოგვიხტნენ, გაგვაკრიტიკეს, ჭკუა გვარიგეს, პატრიოტიზმზე გაკვეთილები გვიტარეს და სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ეს სიმღერა დავწერეთ და როცა ჩვენ ამ სიმღერას ვმღეროდით, მაშინ ჩვენი გარკვეული კოლეგები 9 მაისს, 9 აპრილს, თბილისობას მოსკოვში აღნიშნავდნენ, ოკუპანტ სახელმწიფოში და ჩვენ პრინციპულად ამ აზრზე ვიყავით. ვინც ამ სიმღერას კარგად მოისმენს და გაიაზრებს, გინდათ ამბიციურად, გინდათ სულელურად, როგორც გინდათ, ისე მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ამ სიმღერაში არის ერთგვარი სახარებისეული სიბრძნე, რომ გიყვარდეს მტერი შენი. ვერ გეტყვით, რომ გვიყვარს მტერი ჩვენი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ, რომ ამ თვალით შევახედოთ ნებისმიერ მტერს, რომ ხომ არ ჯობია ამ მტრობას, მომეფერო, ვიმეგობროთ. ამაზე ვმღეროდით 15 წლის წინ, მართლა როცა ბავშვები ვიყავით.

ლელო: რა თქმა უნდა, არ დავიწყებ ჩვენი კოლეგების ჩამოთვლას და არა მხოლოდ კოლეგების, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობდნენ ჩვენს მტერ სახელმწიფოებში წლების განმავლობაში და სარგებელსაც დიდი დოზით იღებდნენ. შედეგ, აღმოჩნდა, რომ რაღაცებს ისე ვეღარ შვებიან, როგორც საჭიროა და მერე, დაიწყეს სხვების კრიტიკა გაურკვეველი მიზეზებით. მე ცხოვრებაში არ ვარ ჩვენს მტერ სახელმწიფოში ნამყოფი, არც რეზიკო, გავლითაც კი, ხოლო ისინი ვინც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ რამდენიმე ათეულჯერ ყოფილან იქ, ამიტომ ჩემი აზრით, 15 წლის წინ, როდესაც ამ სიმღერას ვმღეროდით, ისინი თავის სიმღერებს მოსკოვში, კრემლის დარბაზში, სანქტ-პეტერბურგში მღეროდნენ, ამიტომ მე მგონი, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ.

რეზო: არა მხოლოდ მესიჯია ეს სიმღერა, ჩემი აზრით, მართლა სააზროვნო სიმღერაა და ბევრი დამწყები ან უკვე შემდგარი მუსიკოსისთვის შეიძლება, რომ სახელმძღანელოც კი იყოს და ვურჩევდი, რომ ყურადღებით მოისმინონ, რაზე ვმღერით.

მოგვიყევით სიმღერაზე „ტანგო“.

ლელო: მაგარი სიმღერაა, მიყვარს.

რეზო: ეს არის ჩვენი ტემპერამენტის იდენტიფიცირება ჩვენს შემოქმედებაში.

რამდენი წელია, რაც ერთად მოდიხართ? ამბობენ, რომ ძალიან რთულია ჯგუფში მუშაობა, მსოფლიოშიც რამდენი ჯგუფი დაიშალა, ვერ შეძლეს ერთად გაგრძელება, თქვენს შემთხვევაში თუ არის ხოლმე კონფლიქტები?

ლელო: 2010 წლიდან…

კონფლიქტები როგორ არ არის, აზრთა სხვადასხვაობაც არის, რა თქმა უნდა და ეს ძალიან ნორმალურია, სწორიც არის და ასეც უნდა იყოს. უბრალოდ, მთავარზე ჩამოვყალიბდით მე და ჩემი მეგობარი, რომ სწორია ერთად ყოფნა, ჯერ მეგობრობაა და მერე, საქმე. საქმეც მეგობრობასთან ერთად აუცილებლად გამოდის. ჩემი აზრით, ის ადამიანი ცდება, ვინც ამბობს, რომ საქმე და მეგობრობა არ გამოდის.

რეზო: ჩემსა და ლელოს შორის ისეთი კონფლიქტი არ ყოფილა, რომ – „მოდი, ჯგუფი აღარ გავაკეთოთ“. შემოქმედებითი კამათები არის.

დღეს კიდევ ერთი სიმღერის „ილია ვარ“ პრემიერა გვაქვს, ვისაუბროთ აღნიშნულ ნამუშევარზე.

ლელო: ასევე ერთ-ერთი ფავორიტი ჩვენი სიმღერაა ჩემთვის. ერთადერთი სიმღერაა ამ ალბომში და ალბათ, ჩვენს რეპერტუარში, სადაც ქართული ძველისძველი სიმღერის, „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ელემენტებია შემოტანილი, დრო იყო, ასეც ერქვა ამ სიმღერას. ჩემი აზრით, ამ სიმღერამ თავისი სათქმელი უნდა თქვას, ესეც ერთ-ერთი ხაზია, ალბათ, „მტერო შე შტეროს“ და „სოხუმის“ მერე, ერთ-ერთი პატრიოტული სათქმელია.

რეზო: მე მიყვარს ეს სიმღერა, არასდროს დამვიწყებია, რადგან ჟანრობრივადაც, სტილისტიკითაც რაღაც განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მუსიკა, ჟღერადობა არ არის ქართულ მუსიკასთან ახლოს და მჭიდრო კავშირში, ეს სიმღერა ყველაზე მეტად ქართულიც არის და თან ძალიან სწორად არის შემოტანილი თანამედროვე სხვადასხვა ჟანრი. აქ კიდევ ერთხელ მიხვდი, რომ ქართველებს გენიალური მუსიკა გვაქვს და რომ ამ ენაზე ნებისმიერი ჟანრის მუსიკა შეიძლება, რომ ადაპტირდეს.

როკენროლიდან

ადამიანი

ემიგრაცია

ვირუსი

სოხუმი

იარე ნელა

ისევ

მტერო

ტანგო

უნივერსიტეტის ბაღში

ილია ვარ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რეზო და ბავშვები. “დიდების ალბომი”-ს პრეზენტაცია. “პრემიერა თაკოსთან”