აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც იმპორტზე გაზრდილი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებდა. თუმცა, გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ტრამპმა განაცხადა, რომ ვერდიქტით უკმაყოფილოა და დამატებითი გადასახადების შემოღებას სხვა სამართლებრივი მექანიზმით გეგმავს. ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
გასული წლის განმავლობაში ტრამპმა 10-დან 25 პროცენტამდე დამატებითი ტარიფები დააწესა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათ შორის კანადის, მექსიკისა და ჩინეთის პროდუქციაზე. ავტო ინდუსტრიისთვის ეს ნიშნავდა როგორც საზღვარგარეთ აწყობილი ავტომობილების, ისე ამერიკულ ქარხნებში გამოყენებული კომპონენტების გაძვირებას.

ამასთან, საკანონმდებლო ნიუანსების გამო, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ვრცელდება ავტომობილებზე და ავტო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან ნედლეულზე – ფოლადსა და ალუმინზე. ტრამპმა აღნიშნული ტარიფები არასამართლიანი სავაჭრო კონკურენციისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით დააწესა, რის გამოც სექტორისთვის რეალური შვება ნაკლებად მოსალოდნელია.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპმა 10 პროცენტიანი „გლობალური ტარიფის“ ინიციატივა წარადგინა. ბაჟი შემოდის 1974 წლის „ვაჭრობის შესახებ კანონის“ 122-ე მუხლის საფუძველზე და მისი მოქმედების ვადა მაქსიმუმ 150 დღე იქნება. უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის კი უკვე კონგრესის თანხმობა გახდება საჭირო.

უზენაესი სასამართლოს ვერდიქტმა შესაძლოა აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ არაერთი სარჩელი გამოიწვიოს. კომპანიებს უფლება ექნებათ მოითხოვონ იმ თანხების დაბრუნება, რომლებიც ბიუჯეტში უკანონო ტარიფების სახით გადაიხადეს. საწყისი შეფასებით, მოთხოვნების საერთო მოცულობამ შესაძლოა 130 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
