აშშ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ირანის რეჟიმის იზოლირების მიზნით ზომები მიიღოს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ- ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ყველა ქვეყანას ვთხოვთ, ირანის რეჟიმის იზოლირება მოახდინონ, ვიდრე ამ რეჟიმის აგრესია გრძელდება. ყველა ქვეყანას ვთხოვთ მხარი დაუჭირონ ირანელ ხალხს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი „ქაოსს, სიკვდილსა და ნგრევას თესს“. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა, რომელიც სკანდირებს „სიკვდილი ამერიკას“, მიიღოს ბირთვული შეიარაღება. ირანის ხელისუფლება პატივს არ სცემს თავის მეზობლებს, მათ საზღვრებს და სახელმწიფოების სუვერენულ უფლებებს“, – განაცხადა მან.
დონალდ ტრამპის თქმით, თეირანი ახლო აღმოსავლეთში „აგრესიისა და ექსპანსიის პოლიტიკას ატარებს და თავისი გამდიდრებისთვის სხვა ქვეყნების რესურსებს იყენებს“.