ავსტრალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა ეთერიდან მოხსნეს ახალი სარეკლამო ვიდეო, რომელიც Toyota GR Yaris-ის ცხელ მოდელს ეძღვნებოდა. რეკლამა შეფასდა როგორც ისეთი, რომელიც მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფისკენ უბიძგებს. ხელისუფლების განცხადებით, ვიდეოში ნაჩვენები მართვის სტილი ავსტრალიის ნებისმიერ შტატში კანონის დარღვევად ჩაითვლებოდა.
მწარმოებელი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, თუმცა იძულებული გახდა ვიდეოს ჩვენება შეეჩერებინა. მსგავსი კონფლიქტი ავსტრალიის ხელისუფლებასა და Toyota-ს შორის უკვე მოხდა 2021 წელს.
რეკლამაში იუმორისტულადაა გათამაშებული ავტომობილიდან ფასტფუდის შეკვეთის პროცესი: GR Yaris-ის საჭესთან მყოფი მძღოლი შეკვეთას ჰაერში იღებს – ავტომობილი ტრამპლინიდან ხტება, რადგან ბურგერების ობიექტი შუქურის მსგავს ნაგებობაშია განთავსებული. ამის შემდეგ მანქანა შლაგბაუმებს შორის ასრულებს ტრიუკებს ჯიმხანას სტილში.
Toyota-ში განმარტეს, რომ ვიდეოში განზრახაა ნაჩვენები არარეალისტური მართვა, ხოლო მთელი სიუჟეტი სრულად გამოგონილია და ვითარდება დახურულ გზებსა და შეზღუდული წვდომის ტერიტორიებზე. კომპანიის თქმით, რეკლამის მიზანი იყო ეჩვენებინა, რისი გაკეთება შეუძლია GR Yaris-ს გამოცდილი მძღოლის ხელში. მიუხედავად ამისა, რეგულატორმა ეს არგუმენტები არ მიიღო და კონცერნმა განაცხადა, რომ რეკლამას გადაამუშავებს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Toyota-მ რეკლამა ეთერიდან ზუსტად ანალოგიური მიზეზით მოხსნა, თუმცა მაშინ კომპანიამ შეძლო ავსტრალიის ხელისუფლების დარწმუნება საკუთარ სიმართლეში.