ავსტრიის მოქალაქეს, რომელსაც სახლი, ბაღი და პატარა აუზი აქვს, 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა იმის გამო, რომ აუზში მცხოვრები ბაყაყები ზედმეტად ხმამაღლა ყიყინებდნენ.
საჩივარი მეზობელმა შეიტანა, რომელიც ხმაურის გამო ღამით ფანჯრების გაღებას ვეღარ ახერხებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ყიყინი, რომელიც ჩვეულებრივ ბუნებრივი გარემოს ნაწილად მიიჩნევა, მართლაც გადაიზარდა სერიოზულ დარღვევაში და სასამართლო განხილვას საჭიროებდა.
საქმე ისაა, რომ აუზში დაახლოებით 50 მამალი ბაყაყი დასახლდა, რომლებიც გამრავლების პერიოდში ხმაურობენ და მათი ხმა მოშორებითაც კი ისმის. ეს ხმაური შესაძლოა დღეებისა და ღამეების განმავლობაში არ შეწყდეს, რადგან მამალი ბაყაყები გამუდმებით ყიყინებენ მდედრების მოსაზიდად.
აუზის მფლობელის თქმით, მან მეზობელს ბოდიშიც მოუხადა, ღვინის ბოთლიც მიუტანა და ყურის საცობებიც აჩუქა.
ავსტრიაში ბაყაყები დაცულ სახეობად ითვლება. წარსულში მსგავსი საქმეების განხილვისას სასამართლოები სარჩელებს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ბაყაყების ყიყინი ბუნებრივი ხმაურის ნაწილია და რეგულირებას არ ექვემდებარება. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ბაყაყების უჩვეულოდ დიდ რაოდენობას ეხებოდა.
დაჯარიმებულ მფლობელს ასევე დაეკისრა ვალდებულება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ყიყინი შეწყდეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, როგორ უნდა მოხდეს ეს.
მფლობელის თქმით, ის ხმაურის შემაკავებელი ბარიერის აშენებას განიხილავდა, თუმცა მისი სიმაღლე მეზობლის საძინებლის ფანჯრის დონეს – დაახლოებით ხუთ მეტრს უნდა აღწევდეს, რაზეც მუნიციპალიტეტი ნებართვას არ გასცემს. ბაყაყების დაჭერა და სხვა წყალსაცავში გადაყვანაც შეუძლებელია, რადგან ეს ბუნების დაცვის კანონით აკრძალულია.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფართო დისკუსია გამოიწვია, განსაკუთრებით გარემოს დამცველებში, რომლებიც შიშობენ, რომ ეს შეიძლება უარყოფით სამართლებრივ პრეცედენტად იქცეს. ეკოლოგების თქმით, ბაღის აუზები ამფიბიებისთვის მნიშვნელოვანი თავშესაფარია, რადგან ურბანიზაციის გამო მათი ბუნებრივი ჰაბიტატი სულ უფრო მცირდება.