LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთანდილ კასრაძეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს

108
ავთანდილ კასრაძე

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარდგა. საკომიტეტო მოსმენა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას მოიცავდა. ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილიც მონაწილეობდა.

ავთანდილ კასრაძის თქმით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციური მეწარმეობისა და სტარტაპ საზოგადოების განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგრანტო პროგრამებსა და ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა ჰაკათონები, ტექ. კვირეულები, ბანაკები, ინკუბატორის პროგრამები თუ ტრენინგები. ბოლო მონაცემებით, რეგიონების ტექნოპარკებით მოსარგებლეთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა (მათ 90 პროცენტს ახალგაზრდები შეადგენენ), ტექნოლოგიურმა ბანაკებმა, 2019-2024 წლების განმავლობაში, 1300-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა, პრეაქსელერაციის პროგრამა კი, რომელსაც 1200 მონაწილე ჰყავს, ქვეყნის 10 რეგიონში ჩატარდა და მონაწილეთა 70 პროცენტი ახალგაზრდაა.

რეგიონის მოსახლეობის ინოვაციური იდეების განვითარებას ემსახურება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა რეგიონებისთვის, რომელიც საქართველოს თერთმეტ რეგიონს (აჭარა, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) მოიცავს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 83 სტარტაპი, რომელთაგან 70 პროცენტი ახალგაზრდებზე მოდის.

დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ავთანდილ კასრაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა IT ეკოსისტემაზე და ამ კუთხით ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებაზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით 12 000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, რომელთა 64 პროცენტს სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ. სააგენტო ახორციელებს პროგრამას DO IT IN GEORGIA, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავს – 5000 IT მომზადების პროგრამა, Do IT with the EU (საერთაშორისო სერტიფიცირება და დასაქმება), CODE-IT. ამასთან, მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49 000-მდე გაიზარდა.

საკომიტეტო მოსმენაზე ავთანდილ კასრაძემ სააგენტოს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, კერძოდ, 2025 წლიდან GITA „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი მენტორები კონკურსის შედეგად შერჩეულ სტარტაპებს ერთწლიან ინტენსიურ ტრენინგებსა და ქოუჩინგის სესიებს ჩაუტარებენ, ასევე, 2025 წლის შემოდგომაზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g