აშშ-ში უცნაური ინციდენტი მოხდა – უიღბლო ქურდმა მოპარულ მანქანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინა და საბოლოოდ თავად გახდა ნარკო კურიერის დაკავების მიზეზი. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
შემთხვევა მასაჩუსეტსის შტატში, კეიპ-კოდის ნახევარკუნძულზე, 6 იანვარს მოხდა. მამაკაცი ქუჩაში გაჩერებული ავტომობილის გატაცებას ცდილობდა. მან მანქანის კარი გახსნა, თუმცა ძრავის დაქოქვა ვერ შეძლო. ამის შემდეგ მან საბარგულის შემოწმება გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ რაიმე ღირებულ ნივთს იპოვიდა.
საბარგულში მან აღმოაჩინა პატარა ჩანთა, რომელშიც ერთი კილოგრამი კოკაინი იყო მოთავსებული.
მამაკაცი შეშინდა, რომ ნარკოდილერები შეიძლება მის კვალზე გამოსულიყვნენ და გადაწყვიტა, ნარკოტიკი პოლიციისთვის გადაეცა. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ნივთი ქუჩაში იპოვა, თუმცა მოგვიანებით სიმართლე აღიარა და დეტალურად მოუყვა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ.

ამის შედეგად პოლიციამ ავტომობილის მახლობლად დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები შეისწავლა და 8 იანვარს დააკავა 62 წლის მამაკაცი, რომელიც ნარკო კურიერი აღმოჩნდა. დაკავებულისგან ამოიღეს არა მხოლოდ კოკაინი, არამედ ამფეტამინი და 10 ათასი დოლარი ნაღდი ფული.
ამ დროისთვის უცნობია, წაუყენეს თუ არა ბრალი ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის იმ მამაკაცს, რომელმაც ნარკოტიკი პოლიციას გადასცა.