რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“ მარიკა აროშიძე და ნუცა თოფურია სტუმრობდნენ, რომელთაც „ბასტი-ბუბუს“ კონცერტებზე ისაუბრეს.
მარიკა აროშიძე – წელს დაბადების დღეს – 10 მაისს, პირველად აღვნიშნავთ თელავის დრამატულ თეატრში. მუსიკალურმა პროგრამამ ის სიმღერები გააერთიანა, რომლებიც ყველას ძალიან უყვარს, ამიტომ ყველა შეძლებს ჩვენთან ერთად სიმღერას, ცეკვას და დროის კარგად გატარებას. სიმღერები 1990-იანი წლებიდან აღვადგინეთ, ბევრი ძველი სიმღერა გავიხსენეთ, ზოგი მხიარულია, ზოგი სენტიმენტალური, ასე რომ, დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოეწონება.
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს ფილარმონიაში გავმართავთ კონცერტს, რომელშიც „ბასტი-ბუბუს“ ბავშვებთან ერთად ის ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. „ბასტი-ბუბუსთან“ ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი თანამშრომლებს, მათ შორის ისინიც, ვინც ჩვენთან გაიზარდა. მართალია, ყველას უნდოდა ჩვენს კონცერტში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ყველას მოწვევა ვერ შევძელით, რადგან ამ შემთხვევაში ვერასდროს შევძლებთ კონცერტის დასრულებას. ამჯერად 10 მომღერალი გვეყოლება, რომლებიც ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. კონცერტში ნუცა თოფურია, დუეტი „ჯორჯია“, ანდრია გველესიანი, მარიამ შენგელია, გიორგი ცხადაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნინი ბადურაშვილი, ანი კეკუა და აჩიკო ნიჟარაძე მიიღებენ მონაწილეობას.
8 ივნისს ქუთაისს ვეწვევით, 23 ივნისს – ბარსელონაში გავემგზავრებით და ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას, 11 ივლისს კი, ბათუმში გავმართავთ კონცერტს.
ნუცა თოფურია – „ბასტი-ბუბუ“ ჩემთვის ყველაფერია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება, ყველაფერი კარგი მას უკავშირდება. რა თქმა უნდა, „ბასტი-ბუბუს“ ყველა კონცერტში მივიღებ მონაწილეობას, მოგვიანებით კი, ერთად დავიწყებთ ახალ გადაცემაზე „ფანკლუბზე“ მუშაობას. გადაცემა ქართველი მომღერლების ფანკლუბი იქნება და ყველა ის სიმღერა შესრულდება, რომელიც ამ მომღერლების რეპერტუარშია. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ თინეიჯერები ქართულ სიმღერებს არ უსმენენ, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან უყვართ და ხშირად უსმენენ. ჩვენი გადაცემის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ქართველი მომღერლებისთვის სტიმულის მიცემაა, რათა უფრო მეტი ახალი სიმღერა დაწერონ. პირველი გადაცემის სტუმარი ნინი ბადურაშვილი იქნება.
პატარა პაუზა მქონდა, ძალიან მომენატრა სიმღერაც, თეატრიც და მივხვდი, რომ ორივეს უზარმაზარი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, რომ თეატრში ჩემი ადგილი მოიძებნა. ცოტა ხნის წინ „მერ პოპინსის“ პრემიერა გვქონდა. გამიხარდა, რომ მთავარი როლის შესრულების შესაძლებლობა მომეცა, რადგან ბავშვობიდან მიყვარს ეს პერსონაჟი.
მიხარია, რომ „ბასტი-ბუბუს“ კონცერტებზე სიმღერას „წვიმს“ შევასრულებ, რომლის ავტორი მაკა აროშიძეა. პირველად სიმღერა 10 წლის ასაკში ვიმღერე „ანა-ბანას“ პირველ ტურში, 15 წლის შემდეგ კი, თავიდან ჩავწერე. ძალიან ემოციური გამოვიდა, რადგან ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა, ბავშვობა გამახსენა და ცოტა გული ამიჩუყდა. „წვიმს“ ბავშვებთან ერთად უფროსებსაც ძალიან მოეწონებათ, რადგან განწყობის სიმღერაა და ძალიან უხდება წვიმას.
ყველა ჩემი სიმღერა მიყვარს, თუმცა „ყვითელი ფოთლები“ მაინც გამორჩეულად მომწონს, რადგან ბატონმა გია ყანჩელმა მაჩუქა. მასთან ურთიერთობა მართლაც უდიდესი სიამოვნება იყო, მით უფრო, რომ სწორედ ბატონი გია იყო ჩემი კერპი.
ბედნიერი ვარ, რომ ყველა სურვილი მისრულდება. ყოველთვის ძალიან მინდოდა წამყვანობა და „ბასტი-ბუბუს“ წყალობით ეს სურვილიც ავისრულე.