ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსის ნგრევის შემდეგ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანილია ორი ბავშვი. მათ შორის ერთ-ერთი წლის და სამი თვის არის.
მედია წერს, რომ დაშავებულის მამის ინფორმაციით, სახლზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა:
”ბავშვი კარგად არის, ფეხი აქვს დაზიანებული. მანქანაში ბავშვთან ერთად მეც ვიყავი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ასე. პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ, აფეთქების ხმა ნამდვილად არ იყო.” – თქვა გიზო ქავთარაძემ.
კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, ის კონტაქტურია და კვლევები უტარდება.
”ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა.” – განუცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა თამარ ბახტაძემ.
ცოტა ხნის წინ კი კლინიკაში შეიყვანეს კიდევ ერთი ჩვილი.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს დაახლოებით 12:00 საათისკენ ჩამოინგრა.