LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედნიერების ფსიქოლოგია და სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

671
ნუცა საღარაძე

ბედნიერების ფსიქოლოგია და სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა – ამ თემაზე, გადაცემაში „რჩევა ფსიქოლოგისგან”, ფსიქოლოგმა ნუცა საღარაძემ ისაუბრა.

რით არის განპირობებული სუბიექტური კარგად ყოფნის გაცდა?

სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა (Subjective Well-Being, SWB) წარმოადგენს ფსიქოლოგიაში ფართოდ აღიარებულ კონსტრუქტს, რომელიც ასახავს ინდივიდის ცხოვრების კმაყოფილებასა და ემოციურ მდგომარეობას. სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა განპირობებულია როგორც ინდივიდუალური (შიდა), ასევე გარემოსთან დაკავშირებული (გარე) ფაქტორებით. შიდა ფაქტორებში შედის პიროვნული მახასიათებლები, მათ შორის ტემპერამენტი, პიროვნული სტრუქტურა და ცხოვრებისადმი ზოგადი დამოკიდებულება. გარე ფაქტორებს კი წარმოადგენს სოციალური გარემო, კულტურული კონტექსტი, ეკონომიკური სტაბილურობა და საზოგადოებრივი სტრუქტურები, რომლებიც ადამიანებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევენ. კვლევები ადასტურებს, რომ მაღალი SWB-ის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ფიზიკურად უფრო ჯანმრთელები არიან, ახასიათებთ უფრო მდგრადი სოციალური ურთიერთობები და გამოირჩევიან სამუშაო პროდუქტიულობით.

ძალიან მნიშვნელოვანია- მაგალითად, ადამიანის მისწრაფებები, სოციალური შედარებები და ადაპტაციის უნარი.

ადამიანის მისწრაფებები მოიცავს იმ მიზნებს, რაც მას სურს ცხოვრებაში — მაგალითად, შემოსავალი, პროფესია, ქორწინება და ა.შ. მაღალი მიზნები ადამიანს უფრო შრომისმოყვარეს ხდის, თუმცა არსებობს რისკი, რომ მიზნებს ვერ მიაღწიოს და შედეგად უკმაყოფილო დარჩეს. მთავარი გამოწვევაა მიზნების მისაღწევად შრომა, მაგრამ იმ გარემოებების მიღება, რაც რეალურად ხდება. ასევე გადამწყვეტია პიროვნების ხედვა და ფსიქოლოგიური მედეგობა.

ცხოვრებაში თითოეულ ადამიანს ექნება იმედგაცრუება, წარუმატებლობა და პრობლემები. ბედნიერება იმ ადამიანებს მიეკუთვნებათ, რომლებიც ამ პრობლემების დაძლევას და მათთან შეგუებას ახერხებენ. ამიტომ, ბედნიერება დამოკიდებული არ არის მხოლოდ იმაზე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, არამედ იმაზეც, როგორ აღვიქვამთ და ვაფასებთ ჩვენ ამ მოვლენებს. რიფის მიერ შემოთავაზებული მრავალგანზომილებიანი მოდელი ექვსი მდგენელისგან ანუ განზომილებისგან შედგება: ავტონომია, რომელიც გულისხმობს თვითდეტერმინაციასა და დამოუკიდებლობას, სოციალური ზეწოლებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, ქცევის რეგულაციასა და საკუთარი თავის პირადი სტანდარტებით შეფასებას; გარემოს ფლობაში მოიაზრება გარემოს მართვის კომპეტენციების ქონა, გარეგანი აქტივობების ფართო სპექტრის კონტროლის უნარი, არსებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება და ისეთი კონტექსტების შერჩევისა და შექმნის უნარ-ჩვევები, რომლებიც ინდივიდის პიროვნულ მოთხოვნილებებსა და ღირებულებებს შეესაბამება.

რას მოიაზრებს პიროვნული ზრდა?

პიროვნული ზრდა მოიაზრებს უწყვეტ განვითარებას, როცა ინდივიდის საკუთარ თავს მზარდ და ახალი გამოცდილებისადმი ღია პიროვნებად აღიქვამს. დარწმუნებულია, რომ შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ხედავს საკუთარ თავსა და ქცევაში უკეთესობისკენ სვლას.

მიზანი ცხოვრებაში არის განზომილება, რომელიც აერთიანებს მიმართულობისა და მიზნის არსებობის განცდას, წარსული და აწმყო ცხოვრების საზრისის ხედვას; რწმენას, რომ ცხოვრებას აქვს აზრი.საკუთარი თავის მიღება გულისხმობს საკუთარი თავისადმი დადებით დამოკიდებულებას, საკუთარი მეს სხვადასხვა ასპექტის არსებობასა და მიღებას, კარგი და ცუდი თვისებების ჩათვლით; ზოგადად, საკუთარი წარსულისადმი დადებით დამოკიდებულებას.

თანამედროვე პოზიტიური ფსიქოლოგიის კვლევების მიხედვით, სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა მნიშვნელოვნად განისაზღვრება ინდივიდის მიერ აღიარებული და განხორციელებული ღირებულებების სისტემით. ღირებულებათა ცნობიერად გააზრება წარმოადგენს პიროვნული განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიმართულებას აძლევს ინდივიდის ქცევასა და მიზნებს. თანამედროვე კვლევების ძირითადი მიგნებები გვიჩვენებს, რომ ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია: ახლო, მხარდაჭერით სავსე სოციალური კავშირები ყველგან და ყველა ასაკში ზრდის ცხოვრების კმაყოფილებას.

ფული მნიშვნელოვანია – მაგრამ გარკვეულ დონემდე: ფინანსური სტაბილურობა ამცირებს სტრესს და უზრუნველყოფს კეთილდღეობას, თუმცა სარგებელი გარკვეული დონიდან იკლებს. მადლიერება და სიკეთე: მადლიერებისა და სხვების დახმარების რეგულარული პრაქტიკა ზრდის როგორც მყისიერ, ისე გრძელვადიან ბედნიერებას.

magti 5g