რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2026“ მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „დაივიწყე ყველაფერი“ პრემიერა შედგა.
მერაბ, როგორია საახალწლო განწყობა?
კარგი, ახალი იმედებით, გეგმებით…

თქვენთვის რამდენად განსაკუთრებული დღესასწაულია ახალი წელი?
რომ გითხრათ, ვგიჟდები-მეთქი, არა, რადგან მე უკვე ისეთ ასაკში ვარ, ყველა წელი რომ გემატება. მე მახარებს ის, რომ პატარებისთვის არის ეს დღესასწაული, ძალიან უხარიათ თოვლის ბაბუა, საჩუქრები, ამიტომ გამომდინარე ბავშვებიდან, გინდა, არ გინდა, მეც მიყვარს.

თქვენი ბავშვობიდან განსაკუთრებულად თუ გახსენდებათ რომელიმე ახალი წელი ან საჩუქარი?
ასე არ მახსენდება, უბრალოდ, მე ძალიან ხშირად მახსენდება ბაკურიანი, რადგან თითქმის ყველა ახალ წელს იქ ვხვდებოდით.
როგორ შეაჯამებდით 2025 წელს?
ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, სიმღერა გავაკეთე, ძალიან ბევრი გასტროლი, კონცერტი მქონდა. ალბათ, მუსიკოსისთვის მთავარი ეს არის.

ბედობის თუ გჯერათ?
ნაკლებად ვაქცევ ამას ყურადღებას, რადგან ადამიანი რასაც ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად აგიხდება, მე ასე ვუყურებ, ამიტომ სულ კარგზე უნდა იფიქრო. აქედან გამომდინარე, ყველა დღე ბედობაა, თუ იფიქრებ კარგზე, კარგად წავა ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავის ბედს მაინც თვითონ იქმნის.
სად ხვდებით ახალ წელს?
ახალ წელს ისრაელში შევხვდები, რადგან ახალი წლის ღამეს იქ გვიწევს კონცერტი. 2 იანვარს უკვე თბილისში მაქვს კონცერტი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „დაივიწყე ყველაფერი“.
სიმღერა გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, ლექსი ირინა სანიკიძეს. გია არაჩვეულებრივი მუსიკოსია და ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. არანჟირება აჩი ოშხერელთან გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი განწყობის სიმღერაა.
მერაბ სეფაშვილი – დაივიწყე ყველაფერი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მერაბ სეფაშვილი. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა