ინგლისის ქალაქ ნოტინჰემში, 15 წლის აუტისტმა ბიჭუნამ დენიელ ჰარისონმა მეგობრების ყოლა ინატრა და დაბადების დღეზე უცნობი ადამიანებისგან ათასობით შეტყობინება მიიღო.
CBS News-ის ინფორმაციით, დენიელის დაბადების დღეზე, მამამისმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა. სასკოლო დავალების შესრულების დროს, მისმა ვაჟმა დაწერა რომ ყველაზე მეტად მეგობრების ყოლასა და ავტომობილის მართვაზე ოცნებობდა. ბრიტანელმა ყველას სთხოვა, რომ მისი პოსტი გაევრცელებინათ და ბიჭუნასთვის დაბადების დღეც მიელოცათ.
„აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები უფრო ხშირად მარტო თამაშობენ და დენიელს არასდროს გამოუთქვამს იმის სურვილი, რომ მეგობრები ჰყოლოდა. ამიტომ, მისმა ნაწერმა სულის სიღრმემდე შეგვძრა“, – აღნიშნა მამამ. მისდა გასაკვირად პოსტი 29 ათასმა ადამიანმა გააზიარა და 54 ათასამდე კომენტარიც დაგროვდა. სხვა უამრავ ადამიანს შორის, ბიჭუნამ მილოცვა მსახიობი და რეჟისორი რასელ ქროუსგან, მსახიობი შერონ სტოუნისგან და სხვა ცნობილი ადამიანებისგან მიიღო.
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დენიელის მამამ ბრიტანულ და ამერიკულ გამოცემებს ინტერვიუები მისცა. მამაკაცი იმედოვნებს, რომ მისი შვილის ისტორია ყველა ადამიანისთვის იმედისმომცემი იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვინც გასაჭირში მარტო არ დაგვტოვებენ.