LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ჩატარდება

156
ბოლნისი

2 ივნისს, 12:00 საათიდან, ქალაქი ბოლნისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს.

ფესტივალის წარმდგენია „რიჩ მეტალს გრუპი“ (RMG).

ფესტივალი ბოლნისის გერმანულ უბანში ჩატარდება, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში, კავკასიაში ჩამოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა ააშენეს.

ფესტივალზე, რომლის სლოგანიცაა „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“, საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლის და მცირე საოჯახო მარნების დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იქნება წარმოდგენილი.

ნატალი ნოზაძე, კომპანიის „არემჯი“ (RMG) პიარ მენეჯერი:

„მოგეხსენებათ, „არემჯი“ ქვემო ქართლის რეგიონში ოპერირებს, სადაც აქტიურად ვახორციელებთ კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს. ბოლნისელ მეღვიინეებთან თანამშრომლობაც ჩვენი ერთ-ერთი პროექტია. 7 წლის წინ ჩვენ, ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად, მეღვინეთა გაერთიანებასთან „ღვინო ბოლნისი“ მემორანდუმი გავაფორმეთ და ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ხელს შევუწყობდით ამ გაერთიანებაში შემავალი მცირე მარნების განვითარებას და მათი ღვინოების პოპულარიზაციას. ამ 7 წლის განმავლობაში, ერთად, არაერთი პროექტი განვახორციელეთ – მეღვინეებს, უპირველესად, მათი ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში დავეხმარეთ, რათა მათი ღვინით დაინტერესებულიყვნენ არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მარკეტინგული აქტივობები, რის საფუძველზეც „ღვინო ბოლნისში“ გაწევრიანებული მარნები დღეს უკვე თამამად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონკურსებში“.

ფესტივალის ფარგლებში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი ჩატარდება. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიური დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მფლობელ ღვინოებს გამოავლენს.

„ფესტივალი ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი – ღვინის კონკურსია. როგორც მსხვილი მწარმოებლები, ისე მცირე საოჯახო მარნები კონკურსზე, დაახლოებით, სამი კვირის წინ დარეგისტრირდნენ. ერთადერთი პირობა, რომელიც მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ იყო ის, რომ ღვინო აუცილებლად ადგილწარმოშობის დასახელების უნდა ყოფილიყო. ჟიურის მიერ სულ 87 დასახელების ნიმუში გაისინჯა. 28 მაისს, ბოლნისში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბრმა კონკურსი გაიმართა. სხვათა შორის, ეს ობიექტიც „არემჯის“ პროექტია მეღვინეების მხარდასაჭერად. ამ შარშან გახსნილ სადეგუსტაციო სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ ბოლნისური ღვინოებია წარმოდგენილი. რაც შეეხება ჟიურის, ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის 10 ქართველი პროფესიონალით იყო დაკომპლექტებული (ლევან მეხუზლა, ანა გოდაბრელიძე, მარიამ ხომასურიძე, ლადო კუბლაშვილი და სხვები). კონ კურსის მონაწილე მეღვინეები სწორედ 2 ივნისს გაიგებენ, თუ რომელი ღვინო გახდა დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი“, – განაცხადა ნატალი ნოზაძემ „ბიზნესნიუსთან“ საუბარში.

ღვინის ფესტივალს დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები, ღვინის ექსპერტები და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები.

ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული და გასართობ-შემეცნებითი აქტივობებიც დახვდებათ.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“.

ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g