ახლახან მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ჟენევაში დაქორწინდნენ და ოფიციალური ხელის მოწერით გაამყარეს საკუთარი ურთიერთობა. საქართველოში გამართული ქორწილისგან განსხვავებით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს დაესწრო კარლო პონტის დედა, ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი, სოფი ლორენი, მარიამის მხრიდან კი – მისი საყვარელი ბებია.
fortuna.ge-ს მარიამი ხელის მოწერის დეტალებზე ესაუბრა.
მარიამ, გილოცავთ კიდევ ერთხელ – ხელმოწერა ჟენევაში გაიმართა. როგორ დაგეგმეთ ეს ცერემონია?
მადლობა კიდევ ერთხელ მოლოცვისთვის და ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის. ჟენევაში ხელმოწერის ცერემონია გაიმართა 30 სექტემბერს, ძალიან გაგვიმართლა, რომ უკარგესი ამინდი დაგვემთხვა, რადგან სექტემბერი შვეიცარიაში ძალიან არაპროგნოზირებადი პერიოდია, ცერემონია არ იყო დიდი მასშტაბის, მხოლოდ ჩემი და კარლოს ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, შესაბამისად, სამზადისიც არ გახლდათ რთული, მე და კარლომ მას შესანიშნავად გავართვით თავი.
ცერემონიას ესწრებოდა თქვენი შვილი. მოგვიყევით მისი ემოციების შესახებ. როგორი ურთიერთობა აქვს თქვენს მეუღლესთან?
ცერემონიას ესწრებოდა ჩემი ვაჟი დემეტრე, მას ძალიან ახარებს ჩემი და კარლოს ქორწინება, რადგან კარლოსთან ძალიან მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს. ასე რომ უყვარს ჩემთვის ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ერთმანეთი, ეს ჩემთვისაც დიდი ბედნიერება და გამართლებაა.
თქვენთვის, ალბათ, განსაკუთრებული იყო თქვენი ბებიის დასწრება ხელის მოწერის ცერემონიაზე. მოგვიყევით, როგორი ემოცია ჰქონდა, როდესაც მას თქვენთან ერთად გამგზავრება შესთავაზეთ?
დიახ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახის წევრების ხელმოწერის ცერემონიაზე დასწრება, მით უფრო ბებიასი, რადგან როგორც მოგეხსენებათ, დედა დიდი ხანია გარდაცვლილი მყავს, – ეთერი ბებია სწორედ რომ დედის დედაა, ამიტომ ასმაგად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეს ის ჩემ გვერდით ყოფილიყო. ბებოს დაუვიწყარი ემოციები ჰქონდა, ჯერ მაშინ, როდესაც პირველად გავუზიარე, რომ მის წაყვანას ვაპირებდი ჟენევაში, შემდეგ კი უშუალოდ ცერემონია ძალიან ამაღელვებელი იყო მისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ბედნიერებით ხარობდა, ამ დღეს შედგა პირველად მისი და ქალბატონი სოფიას შეხვედრა და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, მისთვის დიდი ბედნიერების მიზეზი გახლდათ.
ცერემონიას ასევე ესწრებოდა ჩემი მამიკო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და კარლოს ძმა…
სოფი ლორენი, თქვენი დედამთილი, ამჯერად დაესწრო ცერემონიას, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. რა გითხრათ მან ცერემონიის დასრულების შემდეგ და როგორ მოგილოცათ?
დაგვლოცა და მოგვილოცა ოფიციალურად შეუღლება.
ცერემონიის შემდეგ როგორ და სად აღნიშნეთ კიდევ ერთხელ თქვენი გაბედნიერება?
ცერემონიის შემდეგ ჯერ ვესტუმრეთ ქალბატონ სოფიას სახლში და იქ გვქონდა საზეიმო ალაფურშეტი და ფოტოსესია, საღამოს კი გადავინაცვლეთ იტალიურ რესტორანში და სიმბოლურად აღვნიშნეთ ჩვენი ოფიციალური შეუღლება.
ახლა რა გეგმები გაქვთ? სადმე ხომ არ მიემგზავრებით კარლოსთან ერთად?
ჩემსა და კარლოს გეგმებს რაც შეეხება, კარლო აგრძელებს თავის საქმიანობას და აქვს დაგეგმილი რამდენიმე კონცერტი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც გეგმავს კონცერტს ნოემბერში, ნიკოლოზ რაჭველის მოწვევით, რაც ძალიან მახარებს. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი კონცერტი ჰქონდეს საქართველოში.
ჩემს გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და განვაახლო ზუმბას ვარჯიშები, თქვენი პლატფორმითაც ვისარგებლებ და ვეტყვი ყველა ქალბატონს, რომ 20 ოქტომბრიდან ვიწყებ ონლაინ ზუმბას ვარჯიშებს და შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შემომიერთდეთ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქალს მივცე ჯანსაღი ცხოვრების მოტივაცია, რაშიც აუცილებლად დაგვეხმარება ზუმბა.
რაც შეეხება მოგზაურობას, მე და კარლო ისევ ვიმოგზაურებთ ხოლმე, რადგან ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლები ინტენსივობით, რადგან ზუმბას ვარჯიშებს არამარტო ონლაინ, არამედ თბილისშიც რამდენიმე დარბაზში ვგეგმავ, შესაბამისად, მომიწევს ჩემი პროფესიის გამო საქართველო ისე ხშირად აღარ დავტოვო.
ისე კი ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება, თუ სად გავაგრძელებ ცხოვრებას, უმრავლესობას ჰგონია, საქართველოდან ვაპირებ გადასვლას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის საქართველოს დატოვება, და ვფიქრობ, სამომავლოდაც, თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, ვისურვებ, რომ საქართველოში დავრჩე და აქ ვიცხოვრო ჩემს მეუღლესთან და შვილთან, ან შვილებთან ერთად…