რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლ „ალილოს“ წევრები – გია დავითიანი, ლაშა ღლონტი და საბა კემულარია სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „უკანასკნელი მეფაიტონე“ რადიო პრემიერა შედგა.
რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
ლაშა: „ალილო“ 25 წლის იუბილესათვის ემზადება, ვგეგმავთ კონცერტს. მაისის ბოლოს მივემგზავრებით ისრაელში, უნდა ჩავატაროთ კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. კიდევ, ბევრი პრემიერისთვის ვემზადებით.
როგორი იქნება თქვენი საიუბილეო კონცერტის პროგრამა, დაიწყეთ უკვე მუშაობა?
ლაშა: ჩვენი პროგრამის შედგენა ადვილია, რთული არ არის, რადგან „ალილოში“ ყველა პროფესიონალია, ყველა განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევა და გარდა ამისა, ყველა სოლისტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითო ადამიანმა თითო სოლო რომ იმღეროს, 6 ნომერი უკვე არის. ამას გარდა, არის ძალიან საინტერესო კოლაბორაციები.
ვისაუბროთ თქვენს ახალ ნამუშევარზე „უკანასკნელი მეფაიტონე“.
გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ და ამ პროექტის ფარგლებში ჩავწერეთ სიმღერა „მეფაიტონე“. ძალიან ლამაზი ვერსიაა. რაღაცნაირი დამოკიდებულებით ჩავწერეთ, გავიხსენეთ ის ძველი თბილისი, დიდი სიყვარული, ის ურთიერთობები, რომელიც სამწუხაროდ, აღარ არის და გვაკლია.
ამ სიმღერას რომ ვწერდით, კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ ბუბას და კიდევ ერთხელ მივხვდით, რა მაგარი მომღერალი იყო და როგორ მღეროდა ამ სიმღერას. ერთი პერიოდი, ისიც ვიფიქრეთ, ბუბას მისამღერი ხომ არ ჩაგვესვა. მერე, გადავწყვიტეთ, ბუბა ისე დარჩენილიყო, როგორც არის, რადგან ის ხელშეუხებელია.
საბა: სიმღერის არანჟირება რომა გიორგაძეს, უნიჭიერეს და ძალიან დიდ მუსიკოსს ეკუთვნის. დიდი მადლობა მას ასეთი კარგი არანჟირებისთვის.
სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო, როგორი იყო გამოხმაურება, როგორ მიიღო მსმენელმა ნამუშევარი?
ლაშა: როცა ტელევიზიაში გავაკეთეთ პრეზენტაცია, ოპერატორით დაწყებული, ყველას რეაქციას ვაკვირდებოდით და აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო. გაახსენდათ ის ურთიერთობები, ის დიდი სიყვარული და დამოკიდებულება, რაც ადრე იყო.
ალილო – უკანასკნელი მეფაიტონე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“ალილო” – თმაში ჭაღარა შემომერია
“ალილო”. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”