LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთის პატარა ქალაქში ნაძვის ხის ნაცვლად ფოთლებდაცვენილი ლარიქსი დადგეს

139
euro-pulseru-1789-1

ჩეხეთის პატარა ქალაქ ნოვი გრადეკის მთავარ მოედანზე წელს საახალწლო ნაძვის ნაცვლად ლარიქსის ხე განათავსეს, რომელსაც არც ერთი წიწვი არ აქვს. განსხვავებით ნაძვებისა და ფიჭვებისგან, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება სადღესასწაულო მორთულობისთვის, ლარიქსის ხეს ზამთარში წიწვები სცვივა.

ასეთი ხის საახალწლო ნაძვად გამოყენების იდეა ადგილობრივ ხელისუფლებას მაშინ გაუჩნდა, როცა სპეციალისტები ტყეში ხეების მდგომარეობას ამოწმებდნენ. გაირკვა, რომ ერთ-ერთი ლარიქსი, რომელიც ამ რეგიონში მრავლადაა, ხელს უშლიდა მეზობელი მუხების ზრდას – მუხები კი ჩეხეთში იშვიათ სახეობად ითვლება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოჭრა.

ნოვი გრადეკის მერის თქმით, როგორც მეტყევეებს, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან შეეცოდათ ლარიქსი, რომელსაც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეეძლო ეცოცხლა. ამიტომ, მერის სიტყვებით, გადაწყდა მისთვის „რამდენიმე კვირით დიდების ჩუქება, ვიდრე ის ღუმელში აღმოჩნდებოდა“.

გაირკვა ისიც, რომ ლარიქსი გაცილებით მყიფე ხეა, ვიდრე ტრადიციული ნაძვები და ფიჭვები. სწორედ ამიტომ, მთავარ მოედანზე დადგმამდე განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობა გახდა საჭირო.

ადგილობრივ მოსახლეობას ნაძვის ხის შიშველი ლარიქსით ჩანაცვლების იდეა ძალიან მოეწონა. ხის გვერდით დადგეს შობის სცენა, სტუმრებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ პუნშითა და გლინტვეინით, ბავშვები კი საშობაო საგალობლებს მღეროდნენ. როგორც დიდები, ისე პატარები ლარიქსის ფონზე ფოტოებს იღებდნენ – მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხეს წიწვები არ აქვს, ის მაინც ლამაზად გამოიყურება.

უნიკალური საშობაო ხე უკვე ჩეხეთის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები