ჩინეთის უზენაესმა სასამართლომ განმარტება გააკეთა საქმეზე, რომელიც ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემის გამოყენებას და მძღოლის პასუხისმგებლობას ეხებოდა. მამაკაცი, სახელად ვან მოუციუნი, გზის კამერამ დააფიქსირა მაშინ, როცა ავტომობილის მოძრაობისას მგზავრის სავარძელზე ეძინა, ხოლო მანქანა წინასწარ დაყენებული მარშრუტით ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილდებოდა.
გამოცემა IT Home-ის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ ავტონომიური მართვის სისტემის გამოყენების შემთხვევაშიც კი სრული იურიდიული პასუხისმგებლობა მძღოლს ეკისრება. შედეგად, ვან მოუციუნს მიესაჯა 1 თვე და 15 დღე პატიმრობა (სულ 45 დღე) და 4 000 იუანის ოდენობის ჯარიმა.
ინციდენტი გასული წლის შემოდგომაზე მოხდა. ავტომობილი აღჭურვილი იყო მეორე დონის (Level 2) ნახევრად ავტონომიური სისტემით, რომელიც მანქანას საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იმოძრაოს, თუმცა მძღოლმა ხელები საჭიდან არ უნდა აიღოს. თუ სისტემა ორ წუთზე მეტხანს ვერ აფიქსირებს ხელებს საჭეზე, ავტომობილი გაფრთხილებას იძლევა და შემდგომ ჩერდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა უკანონოდ დაამონტაჟა მოწყობილობა, რომელიც საჭეზე ხელების არსებობას ასახავდა და ამგვარად უსაფრთხოების სისტემა მოატყუა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო როგორც ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის – რაც ჩინეთში სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე მოწყობილობის გამოყენებისთვის, რომელიც საგზაო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მას უკვე შეუჩერეს მართვის მოწმობა 6 თვით და მიზეზი მაშინაც ალკოჰოლი იყო.
მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ ნორვეგიაშიც დაფიქსირდა, როდესაც მძღოლმა ნახევრად ავტონომიურ რეჟიმში მოძრავ Tesla Model S-ს მართვა „ავტოპილოტს“ მიანდო და საჭესთან ჩაეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ის მძღოლის სავარძელზე იჯდა, პასუხისმგებლობისგან მაშინაც ვერ გათავისუფლდა.
საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თანამედროვე ავტონომიური ტექნოლოგიები სრულად არ ცვლის მძღოლის პასუხისმგებლობას და მათი არასწორი გამოყენება სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.