LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხვირის გაჭედვა, ქავილი, ცრემლდენა და თვალების სიწითლე – ნათია ჭანტურიძე გვიხსნის, როგორ ამოვიცნოთ სეზონური ალერგია

1038
ნათია-ჭანტურიძე

„რამდენად ხშირი და სერიოზული პრობლემაა ალერგია კვიპაროსზე, რა სიმპტომებით ვლინდება ის, როგორია დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები აღნიშნული პრობლემის დროს, რამდენად ეფექტურია იმუნოთერაპია, რა საპრევენციო ზომები არსებობს კვიპაროსზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – ნათია ჭანტურიძემ ისაუბრა.

ნათია, რამდენად ხშირია ალერგია კვიპაროსზე და საქართველოში არსებობს თუ არა ისეთი რეგიონები, სადაც კვიპაროსი ყველაზე მეტად არის გავრცელებული?

კვიპაროსი ეს გახლავთ მარადმწვანე ხეების გვარის წარმომადგენელი კვიპაროსისებრთა ოჯახიდან და მის გვარში რამდენიმე კვიპაროსის სახეობა არის გაერთიანებული. თვითონ კვიპაროსი გარემოში ძალიან კარგად ადაპტირდება, უძლებს როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემპერატურას, ადვილად ეგუება ნიადაგს, კარგად მრავლდება, სწრაფად იზრდება და შესაბამისად, გვხვდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ის გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

მსოფლიო პოპულაციაში ალერგიული დაავადებების 3-დან 13%-მდე კვიპაროსის ალერგიებზე მოდის.

იქიდან გამომდინარე, რომ კვიპაროსის კლინიკური სიმპტომების პირველი შემთხვევა აღწერილი არის სამხრეთ აფრიკაში 1945 წელს, შემდეგ უკვე საფრანგეთში 1962 წელს, ვხედავთ, რომ კვიპაროსი საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მგრძნობელობა, იწვევს ალერგიული სიმპტომების განვითარებას.

სხვათა შორის, კვიპაროსი ხშირად გამოიყენება დეკორაციული მიზნით, შესაბამისად, რაც უფრო ხშირდება ალერგენთან კონტაქტი და ექსპოზიცია, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე უფრო იზრდება პაციენტებში კლინიკური სიმპტომები და მგრძნობელობაც.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კვიპაროსის ხე არის დარგული თბილისში. კვიპაროსის ყვავილობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ალერგიულ პაციენტებს უფრო მეტად აწუხებთ ეს პრობლემა. კვიპაროსი გვხვდება მთაშიც. რაც შეეხება ზღვას, რა თქმა უნდა, ზღვის კურორტზეც არსებობს მისი გავრცელება დასავლეთ საქართველოში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზღვის საფარზე არსებული მცენარეების ალერგიული მტვრის მარცვლები ზღვის ჰავის შემადგენლობის გამო, ასე ვთქვათ, ილექება ნიადაგზე, შესაძლებელია, კლინიკური სიმპტომები ნაკლებად იყოს გამოხატული, თუმცა ის ასე თუ ისე ყველა რეგიონს აზარალებს და აზიანებს.

კვიპაროსი ანემოფილურ მცენარეებს მიეკუთვნება, ანუ ქარით დამტვერვადი მცენარეა, ამიტომ როდესაც მისი აყვავება ხდება, ის რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ვრცელდება და ბუნებრივია, ალერგია აწუხებთ არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა ახლოსაც არის კვიპაროსი, არამედ ის რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მყოფ ადამიანებსაც აწუხებს.

რა სიმპტომები ახასიათებს კვიპაროსზე ალერგიას, როგორ ამოვიცნოთ აღნიშნული პრობლემა და კვიპაროსთან კონტაქტიდან რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული სიმპტომები? ასევე, ამ მომენტში თუ არსებობს სხვა სეზონური ალერგენები და შესაძლოა თუ არა, რომ კვიპაროსზე ალერგია „დაეჯახოს“ სხვა ალერგენებს და ამან კიდევ უფრო გაამძაფროს და დაამძიმოს პაციენტის მდგომარეობა?

„ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი“ ბოლო 10 წლის განმავლობაში ხე-მცენარეების ყვავილობაზე დაკვირვებას აწარმოებდა, რის შედეგადაც აეროალერგენების გავრცელების კალენდარი შეიქმნა. კვიპაროსი ყვავილობას დაახლოებით თებერვლის დასაწყისში იწყებს და მისი ყვავილობა აპრილის ბოლომდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ასევე ყვავიან სხვა ხე-მცენარეები, მაგალითად, თხილი, არყის ხე, მურყანი, რომლებიც მნიშვნელოვანი ალერგენები არიან. შესაბამისად, აღნიშნულ სეზონზე ალერგია შეიძლება არა მხოლოდ კვიპაროსით, არამედ სხვა ხე-მცენარეებითაც იყოს განპირობებული.  ასევე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მუდმივწლიური ალერგენები, ნესტი, ოთახის მტვერი. თუ სიმპტომები მხოლოდ სეზონურად მძაფრდება და სხვა პერიოდებში პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მაშინ მასთან სეზონური ალერგია არის წამყვანი.

ალერგიული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლებელია, რომ ერთნაირი იყოს, შესაბამისად, ჩვენ კვიპაროსმა მოგვცა ალერგია თუ სხვა რამ, ამას ფიზიკურად ვერ გავარჩევთ, სანამ დიაგნოსტიკურ ტესტებს არ ჩავიტარებთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვიპაროსზე ალერგიის დროს, ყველაზე ხშირი სიმპტომი ალერგიული რინიტი გახლავთ. მსოფლიოში ალერგიული რინიტით 400 მილიონზე მეტი ადამიანი არის დაავადებული. ალერგიულ რინიტში იგულისხმება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ცხვირის გაჭედვით გამოიხატება და რომელიც ძალიან შემაწუხებელია პაციენტებისთვის. აღსანიშნავია მრავალჯერადი, მიჯრითი ცემინებაც, ასევე ცხვირის ქავილი, უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან, რასაც ხშირად ერთვის თვალის ჩივილები, ალერგიული კონიუნქტივიტი, თვალის ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა, შეშუპება. ხშირად ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი ერთად გვხვდება, რაც ალერგიული რინო-კონიუნქტივიტის სახელით გახლავთ ცნობილი. კლინიკური ჩივილები შეიძლება გართულდეს, რადგან ამ ყველაფერს შეიძლება, დაერთოს ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ამოსუნთქვის გაძნელება, გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება, რაც უკვე ბრონქული ასთმის განვითარებაზე მიუთითებს და ბუნებრივია, ამ კლინიკური ჩივილების არსებობისას, უმჯობესია, მივმართოთ ალერგოლოგს, რომ დროულად მოვახდინოთ პრობლემის დიაგნოსტირება, მკურნალობა, რომ შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ.

კვიპაროსზე ალერგიული სიმპტომების დაწყებისას, პირველ რიგში, რა უნდა მოვიმოქმედოთ და პრევენციისთვის თუ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება?

ჩვენ ვცდილობთ, რომ დიაგნოსტიკის შემდგომ, სეზონის დადგომამდე, ორი კვირით ადრე დავიწყოთ პაციენტთან მკურნალობა, რომ ის მომზადებული შეხვდეს სეზონს. მოგეხსენებათ, როდესაც მცენარეები ყვავილობას იწყებენ, თავდაპირველად ძალიან მცირე რაოდენობით არიან მათი მტვრის ნაწილაკები ჰაერში შეწონილი, შემდეგ, ხდება მათი საშუალო დონეზე, მაღალ დონეზე ასვლა და ა.შ. რაც უფრო მაღალი არის მცენარის მტვრის ნაწილაკების ჰაერში კონცენტრაცია და რაც უფრო ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტს თავის ალერგენთან, კლინიკური სიმპტომებიც უფრო მეტად მწვავდება. ზოგადად, ალერგიული დაავადების დროს ჩივილები მსუბუქად, ნელ-ნელა იწყება, შემდეგ იმატებს და უკვე ძალიან შემაწუხებელი ხდება პაციენტისთვის, რაც რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხზეც მოქმედებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტებს ცხოვრების ხარისხი ავუმაღლოთ და სიმპტომები მაქსიმალურად შევამციროთ.

პრევენციულ ღონისძიებებს რაც შეეხება, ეს უკვე მკურნალობის ეტაპებს მიეკუთვნება. პაციენტებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ ალერგენს, თუმცა მოგეხსენებათ, ალერგენისგან თავის არიდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ძირითადი რეკომენდაციებია, რომ მოვერიდოთ ქარიან ამინდში გარეთ ყოფნას, ასეთ ამინდში არ დავგეგმოთ გარე აქტივობები, თუ მანქანით ვმოძრაობთ, ამოვწიოთ ფანჯრები, ასევე დავხუროთ სახლის ფანჯრები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მცენარეების ყვავილობის პიკია, მაგალითად, დილიდან 3-4 საათამდე. გამოვიყენოთ ჰეპა ფილტრზე არსებული კონდიციონერები, რადგან არ მოხდეს მტვრის ალერგენების სახლში შემოსვლა. სახლში დაბრუნებისას უნდა დავიბანოთ ხელები, სახე, გამოვიცვალოთ ტანსაცმელი, რადგან ზედმეტი, დალექილი ალერგენები მოვიშოროთ. მოვერიდოთ ქარიან ამინდში ტანსაცმელების გარეთ გაშრობას, რადგან ამ დროს ტანსაცმელზე უფრო მეტი რაოდენობის ალერგენები ილექება.

ცხოვრების რა ეტაპზე უნდა ველოდოთ ალერგიას კვიპაროსზე, შეიძლება, რომ აღნიშნულმა პრობლემამ ბავშვებშიც იჩინოს თავი? შესაძლებელია თუ არა, რომ გარკვეული წლების მანძილზე არ გვქონდეს ალერგია კვიპაროსზე, მაგრამ შემდეგ გამოგვივლინდეს?

კვიპაროსზე ალერგიის განვითარება ხდება, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, თუმცა შესაძლებელია, აღნიშნული პრობლემა ბავშვებში უფრო ნაკლებად იყოს გამოხატული, იქიდან გამომდინარე, რომ 6 წლამდე ასაკში ბავშვების იმუნური სისტემა სხვადასხვა ვირუსებს, ბაქტერიებს ეცნობა, შესაბამისად, აქ სხვა ასაკობრივი პრობლემები შეიძლება უფრო იდგეს, ვიდრე ალერგიული დაავადებები.

რაც უფრო ხშირია ალერგენთან შეხება, ექსპოზიცია მით უფრო მეტად ვლინდება ალერგიული დაავადებები, შესაბამისად, შესაძლოა, რომ ჩვენ წინა წელს არ გვქონოდა ალერგიული რეაქცია, მაგრამ წელს გვქონდეს, ამისგან დაზღვეული არავინ არის. ალერგია ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს.

როგორ დგინდება კვიპაროსზე ალერგია?

დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის, რადგან აუცილებელია სწორად განისაზღვროს პრობლემა და დაინიშნოს მკურნალობა.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ანამნეზის, სამედიცინო ისტორიის შეკრება, პაციენტს უნდა გამოვკითხოთ ჩივილები, თუ როდის, რასთან კონტაქტისას უმძაფრდება სიმპტომები, ასევე უნდა გამოვკითხოთ ოჯახური ანამნეზი, ოჯახის რომელიმე წევრს თუ აწუხებს ალერგიული პრობლემები. შემდეგ, როდესაც უკვე რაიმე კონკრეტულ ალერგენზე მივიტანთ ეჭვს, ვიწყებთ დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარებას. პირველ ეტაპზე, ყველაზე ხშირი და გავრცელებული კანის პრიკ ტესტები გახლავთ, რა დროსაც პაციენტის კანზე, კერძოდ წინა მხრის მიდამოში, გარკვეული ალერგენული ექსტრაქტების დაწვეთება ხდება, რის შემდეგაც, 15 წუთში უკვე გვაქვს პასუხი. ეს ტესტი გახლავთ ყველაზე მარტივი, კომფორტული, სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდი, თუმცა ხანდახან, გარკვეული მიზეზის გამო, შეიძლება, ვერ მოხერხდეს პაციენტთან აღნიშნული ტესტის ჩატარება, მაგალითად, პაციენტთან შეიძლება, ვერ ხერხდებოდეს ანტიალერგიული მედიკამენტების შეწყვეტა ან ის შეიძლება, იღებდეს გარკვეულ ნევროლოგიურ მედიკამენტებს და ა.შ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვაქვს ალტერნატივა, მაგალითად, სპეციფიკური იმუნოგლობულინის განსაზღვრა სისხლის საშუალებით. ძალიან მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ მეთოდს წარმოადგენს ფილტვის ფუნქციური სინჯების და ტესტების გაკეთება, კერძოდ სპირომეტრიული კვლევა, რომელიც განსაზღვრავს თუ რა მოცულობის ჰაერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა შეუძლია პაციენტს, თუ აქვს ბრონქოსპაზმი, რა სიმძიმის არის ის. ამ დროს, ასევე ვსაზღვრავთ ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდს, რომელიც ალერგიული ადამიანების შემთხვევაში, იმატებს. ერთი ტესტი მეორეს არ გამორიცხავს და ორივეს ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

კვიპაროსზე ალერგიის შემთხვევაში, ყველა პაციენტს ეძლევა თუ არა იმუნოთერაპიის რეკომენდაცია, რა ასაკიდან შეიძლება მისი დაგეგმვა და რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი?

ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია მსოფლიოში 1911 წლიდან გამოიყენება და საკმაოდ გავრცელებული მკურნალობის მეთოდია. ის დაავადების მოდიფიცირების საშუალებას იძლევა და პაციენტს აძლევს უნარს, რომ შეეგუოს, ტოლერანტული გახდეს თავისი ალერგენის მიმართ. ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია საკმაოდ უსაფრთხო მეთოდია, ის აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამცირებს მედიკამენტების მოხმარებას. იმუნოთერაპია გამოიყენება ალერგიული რინიტის, ასთმის კონიუნქტივიტის დროს. ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მწერების, ფუტკრის და ბზიკის ალერგია აქვთ, რადგან ანაფილაქსიას, ანუ სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციას გვაცილებს თავიდან.

იმუნოთერაპიის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წელი გრძელდება, ამ ყველაფერს ექიმი წყვეტს.

ჩვენს ცენტრში ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპიის ორი ფორმა არის ხელმისაწვდომი. პირველი მეთოდი გახლავთ სუბკუტანური იმუნოთერაპია, როდესაც ინიექციების სახით ხდება გარკვეული ალერგენების შეყვანა, ამ დროს, გარკვეული სქემა ეძლევათ პაციენტებს და ისინი შესაბამისი ინტერვალებით მოდიან კლინიკაში. მეორე მეთოდი ეს გახლავთ ენისქვეშა სპრეი, რომლის გამოყენება პაციენტს სახლის პირობებშიც შეუძლია, თუ ცენტრში მოსვლას ვერ ახერხებს.

იმუნოთერაპია 5-6 წლის ასაკიდან, ანუ საკმაოდ ადრე იწყება, ასაკის ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის, მაგალითად, ჩვენ გვყავს 67, 58 წლის პაციენტები, რომლებიც საკმაოდ წარმატებით იტარებენ იმუნოთერაპიას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თერაპიის დროს, პაციენტის კლინიკური სიმპტომები 85-დან 100%-მდე უმჯობესდება, ფაქტობრივად, ქრება და ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ნარჩუნდება. შეიძლება, პაციენტს 15 წელი არ ჰქონდეს კლინიკური სიმპტომები გამოხატული ან ძალიან მინიმალური სიმპტომებით გადაიაროს ალერგიული სეზონი. შესაძლებელია, ვიღაცასთან 85-100% არ იყოს შედეგი და იყოს 80-75%, მაგრამ უეფექტო პაციენტები პრაქტიკულად არ არსებობენ. მოგეხსენებათ, ყველას იმუნური სტატუსი განსხვავებულია და ყველა ინდივიდუალურად რეაგირებს.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ უმჯობესია, პაციენტების უმრავლესობამ იმუნოთერაპიის გზა აირჩიოს?

იმუნოთერაპიას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აწუხებს კლინიკური სიმპტომი, მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ალერგია კვიპაროსზე, მაგრამ სეზონზე არ აწუხებს სიმპტომები, იმუნოთერაპიას არ ვგეგმავთ. შესაძლოა, სისხლში იძებნებოდეს ალერგენი, მაგრამ პაციენტს კლინიკურად არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები. თუ პაციენტს სიმპტომები უვლინდება და მას ეს აწუხებს, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმუნოთერაპიის შეთავაზება.

რა არის კვიპაროსის ალერგიის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, ამ დროს, რამდენად ეფექტურია მკურნალობა მედიკამენტებით?

იმუნოთერაპია გრძელვადიან ეფექტს იძლევა, შესაბამისად, ძალიან კარგია და ვისაც სიმპტომები აწუხებს, ვურჩევდი, რომ იმუნოთერაპია ჩაიტაროს.

რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, რა თქმა უნდა, ჯერ პრევენციულ თერაპიას გავდივართ და მერე ვიწყებთ მედიკამენტურ თერაპიას. პირველი ხაზის არჩევის მედიკამენტები გახლავთ ანტიჰისტამინური მედიკამენტები. აღნიშნული მედიკამენტები ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად, სხვადასხვა დოზით გამოიყენება.

თუ პაციენტს ცხვირის სიმპტომები, რინიტი აწუხებს, შესაძლებელია, რომ გამოვიყენოთ ინტრანაზალური სტეროიდები ან ინტრანაზალური ანტიჰისტამინური სპრეი ან მათი კომბინაცია.

თვალის სიმპტომების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თვალის ადგილობრივ ჩასაწვეთებელ მედიკამენტებს ვიყენებთ.

ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებული შეიძლება იყო ე.წ. ზღვის წყლებიც, რომ ლორწოვანიდან დამატებითი ალერგენების ჩამორეცხვა მოხდეს და ცხვირი მოწესრიგებულ და კარგ მდგომარეობაში იყოს.

იმ სეზონზე, როდესაც კვიპაროსის გავრცელების პიკია, საკმაოდ აქტიურია სეზონური ვირუსებიც. რა ხდება, თუ სეზონურ ვირუსს ერთვის კვიპაროსზე ალერგია, რამდენად შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია ამ ყველაფერმა?

ვირუსული ინფექციები არა მხოლოდ ალერგიულ დაავადებებს, არამედ სხვა შინაგან დაავადებებსაც ამწვავებენ, შესაბამისად, საჭიროა, რომ ვირუსი მართული იყოს შესაბამისი პროტოკოლით და გაიდლაინით. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა ვმართოთ ალერგიაც, რომ ამ ორი პრობლემის კომბინაციამ პაციენტის მდგომარეობა არ გაამწვავოს.

აღსანიშნავია, რომ კვიპაროსი საკმაოდ მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარეა. ჩვენს სისტემაში ხდება მცენარეების ქულებით შეფასება, ხუთ ქულიან სისტემაში კი კვიპაროს ხუთი ქულა აქვს მინიჭებული. შესაბამისად, ხანდახან, კვიპაროსის ალერგიის სიმპტომების მართვა მედიკამენტებით ცოტათი რთულია, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვირუსის დროს, კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს მართული ორივე დაავადება.

არსებობს რაიმე კვებითი შეზღუდვები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ კვიპაროსზე გვაქვს ალერგია?

არსებობს ე.წ. ორალური ალერგიის სინდრომი. გარკვეულ საკვებს, ხილ-ბოსტნეულს ისეთივე ცილოვანი შემადგენლობა აქვს, როგორიც სხვადასხვა ხე-მცენარეებს, ბალახებს, სარეველებს, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ზოგიერთ პაციენტს ჰქონდეს გამოხატული ორალური ალერგიის სინდრომი. ასეთ შემთხვევაში, მათ გარკვეული პროდუქტის მიღების შემდეგ, შეძლება, ჰქონდეთ უსიამოვნო შეგრძნება პირის ღრუში, ენის შეშუპების, ქავილის შეგრძნება და ა.შ. ასეთ პაციენტებს ვთხოვთ ხოლმე, რომ გარკვეული პროდუქტების მიღებას მოერიდონ ან არ მიირთვან ისინი უმ მდგომარეობაში, რომ გამოაცხონ, მოხარშონ და ასე მიირთვან გარკვეული რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ კვიპაროსს ჯვარედინი რეაქცია აქვს ატამთან და ამ შემთხვევაში, უმჯობესია, მოვერიდოთ ატამს. არყის ხეს ჯვარედინი რეაქცია აქვს ვაშლთან.

თუ დაგვიდასტურდა ალერგია კვიპაროსზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვექნება ეს ალერგია თუ შესაძლოა, კვიპაროსზე ალერგია ერთ დღესაც დასრულდეს და ვთქვათ, რომ აღნიშნული პრობლემა დავამარცხეთ?

სამწუხაროდ, როგორც წესი, ალერგია ქრონიკული დაავადებაა, თუ ის ერთხელ შეაწუხებს ადამიანს, ის შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. შესაძლებელია იყოს გარკვეული რემისიებიც, მაგალითად, 2-3 წელი არ აწუხებდეს ადამიანს აღნიშნული პრობლემა, მაგრამ შემდეგ ისევ გამოუვლინდეს კლინიკური სიმპტომები. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, თუ დროულად მიმართავს პაციენტი სპეციალისტს, რომ მართული იყოს მისი მდგომარეობა.

როგორც უკვე გითხარით, იმუნოთერაპია ალერგენთან შეგუების შესაძლებლობას იძლევა და შეგვიძლია, აღნიშნული მეთოდი შევთავაზოთ პაციენტს, რომ დიდი ხნით დაისვენოს პრობლემისგან.

თუ კვიპაროსის ალერგიასთან ეს ჩვენი პირველი შეხებაა, პირველ რიგში, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ყურადღებას, პირველ რიგში, კლინიკური სიმპტომების დაწყებას ვაქცევთ, ეს შეიძლება იყოს რინიტი, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ყელის, ყურის, თვალის ქავილი, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა, თვალების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა. დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, რათა ალერგიული ბრონქული ასთმის არსებობა არ გამოგვეპაროს.