LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამცირება, ღლიცინი.. ეს არის კლასიკური სადიზმის მაგალითი“ – რას ამბობენ ექსპერტები სააკაშვილის კადრებზე

270
მიხეილ სააკაშვილი

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.

ამავე დღეს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩართეს სასამართლო პროცესზე, რომელზედაც მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხი უნდა განეხილათ.

მიზეზი პენიტენციური სისტემის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა ასე განმარტა: „ამ ეტაპზე პენიტენციურ სამსახურს კლინიკა „ვივამედში“ არ აქვს შესაბამისი ტექნიკური საშუალებები“.

სასამართლო პროცესის გამართვამდე, ერთი დღით ადრე, საზოგადოებას, კადრების გამოქვეყნება დაუანონსა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სიმულაციურ ქმედებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახვებს იმას, თუ რაზე საუბრობს ხელისუფლება, რადგან, რატი ბრეგაძის აზრით, მესამე პრეზიდენტის ბოლო პერიოდში, არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობენ.

ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი

რატომ გადაწყდა მესამე პრეზიდენტის „ვივამედში“ ყოფნის კადრების გავრცელება სასამართლოს გადავადებიდან რამდენიმე საათში და რა გვიჩვენა პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულმა კადრებმა – საკითხზე „ფორტუნა“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ამასთან, ასახავს თუ არა კადრები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობას, თემაზე „ფორტუნასთან“ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრა.

„ადამიანი, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების გამოყენებით ატერორებდა, იმავეს აგრძელებს.. კადრებმა დაადასტურა, რომ არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ იკვებება სრულფასოვნად“ – „ოცნება“ სააკაშვილის კადრებზე

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

 

რა შეიცვალა დღის განმავლობაში?

 

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გამოჩენის ძალიან ეშინოდა და ამიტომაც, მისი მოსაზრებით, აპირებდნენ „ვივამედში“ გავრცელებული კადრებით გადაეფარათ ის ემოცია, რაც შეიძლება მესამე პრეზიდენტის გამოჩენის შემდეგ მოსახლეობაში ყოფილიყო.

„ასეთი იყო მათი დაგეგმილი სცენარი. ამიტომ, თამამად გაიცა ნებართვა სასამართლო დარბაზში მისი ჩართვის შესახებ.

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ღირსების უფლება არანაირი ფორმით არ დარღვეულა

„თქვენ ნახეთ ოროთახიანი პალატა, რომელშიც ის არის მოთავსებული. ნახეთ, როგორ ეპყრობა მას სამედიცინო პერსონალი და როგორ ეპყრობა ის სამედიცინო პერსონალს.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაგრამ, შემდეგ კარგად დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ  მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვის გადაფარვა შეუძლებელი იქნებოდა „ვივამედში“ გადაღებული კადრებით.

ადგნენ და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან ძალიან მარტივად ჩახსნეს, საერთოდ არ გვაჩვენეს და ბოლომდე დაიწყეს მისი დისკრედიტაციის მცდელობა.

ეს ყველაფერი წარმოუდგენელი რამაა. სახელმწიფოში როგორ შეიძლება ასეთი რაღაცები ხდებოდეს?“‚ – ამბობს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“.

 

„წინ გველის პენალტების სერია“

 

„ხელისუფლებამ კადრების ჩვენებით მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. რეალურად, საზოგადოების განწყობები არანაირად არ შეცვლილა.

სააკაშვილს ვინც ემხრობოდა, ის დარჩა თავის აზრზე და უფრო გაბრაზდა ხელისუფლებაზე. ვინც სააკაშვილს ვერ იტანდა და ეჯავრებოდა, მას მოეწონა. ფაქტობრივად, საზოგადოების განწყობებში ამ მხრივ თანაფარდობა არ შეცვლილა. მაგრამ ფრედ დამთავრება ხომ ვეღარ გაგრძელდება, ამიტომ ახლა უკვე პენალტების დროა.

სულ მუდმივად ფრე ხომ არ იქნება? რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს. რადგან პოლიტიკურ პროცესს არ აქვს რესურსი, რომ რამე შეცვალოს. ერთადერთი გზაა, პენალტების სერია დაიწყოს და ვინც მოიგებს, მოიგებს“. – აცხადებს ექსპერტი.

„ადამიანი მიყვანილია ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე“

 

„არ აქვს მნიშვნელობა დამოკიდებულებას, რას ვფიქრობ მესამე პრეზიდენტზე. ვიდეოკადრების გავრცელებით, სააკაშვილის მიმართ სადიზმი ჩაიდინეს“, – ასე აფასებს ექსპერტი პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას, გაესაჯარობინათ ექსპრეზიდენტის კადრები.

როგორც „ფორტუნასთან“ გია ხუხაშვილი აღნიშნავს, „ამ კადრებით არაფერი იცვლება. უბრალოდ პოლარიზაციის ხარისხი შეიცვალა“.

„ჯერ ერთი დაზუსტებით არ ვიცით, როდის არის ეს კადრები გადაღებული. ჩვენ სააკაშვილი დღევანდელი მდგომარეობით უნდა ვნახოთ. ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ერთ კვირაში დამძიმდეს. მე დავინახე ადამიანი, რომელსაც აქვს ნევროზი. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ როცა სააკაშვილი რაღაცებს იხსნის და ყვირის, ეს მათ სასარგებლოდ მოქმედებს, ცდებიან.

ადამიანი მიყვანილია ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე. ეს შეგნებულად მოხდა, შეუგნებლად თუ მისი ხასიათიდან გამომდინარეა, თუ რა არის, ცალკე თემაა.

რატომ იფიქრა ხელისუფლებამ, რომ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ჩვენება, მათთვის რამე პოზიტივის მომტანი იქნებოდა,  ვერ ვხვდები.

ჩემი აზრით, კადრების ჩვენების ერთადერთი მიზანი იყო, რომ მესამე პრეზიდენტი დაემცირებინათ და მერე ამაზე კაბინეტებში ეხორხოცათ.  როდესაც ადამიანი ასე აზროვნებს,  როდესაც ამოცანად აქვს ვიღაცის დამცირება და მერე ამაზე შეუძლია, იღლიცონოს, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს კლასიკური სადიზმია. ასეთი ხელისუფლება ყველასთვის საშიშია, მარტო სააკაშვილისთვის არა“.

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის მოსაზრებით, კადრების გავრცელების შემდეგ, იუსტიციის მინისტრი ციხეში უნდა იჯდეს.

„ქართული ოცნების“ ქმედებები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, სახელმწიფო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე და საქართველოს ვალდებულებებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მინიმუმ გადაყენებული უნდა იყოს თანამდებობიდან ბატონი რატი ბრეგაძე, ასევე პენიტენციური სამსახურის უფროსი და  პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახურის უფროსი“. – ამბობს ჯიშკარიანი.

 

ასახავს თუ არა კადრები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობას

 

„კადრებში რაც ვიხილეთ, დადასტურებაა ყველა მძიმე დიაგნოზის, რომელიც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაში წერია.

ბატონ რატი ბრეგაძეს არაერთგზის მოვუწოდეთ, თავისი ექსპერტებით და თავისი ვიდეომასალებით მობრძანებულიყო სასამართლო დარბაზში, სადაც ის ყველა კითხვაზე მიიღებდა პასუხს. მაგრამ კადრების გასაჯაროება არჩია.

ასე რატომ მოიქცა რუსული თუ „ქართული ოცნება“ და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, ეს „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ.

მიხეილ სააკაშვილს ბევრი დაავადება აქვს, აქედან წამყვანია ის მნიშვნელოვანი მდგომარეობა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად არის გათავისუფლების საფუძველი. როგორც ხედავთ, რატი ბრეგაძის უწყება გარბის სასამართლო დარბაზიდან და უკვე ორი სხდომაა, ვერ ხერხდება ექსპერტების დაკითხვა და ვერ ხერხდება  საქმის არსებითი განხილვა. ამიტომ რატი ბრეგაძეს ურჩევნია, ვიდრე გარეთ აქვეყნოს ეს ვიდეოები, მობრძანდეს სასამართლო დარბაზში და იქ თქვას, თუ რამე სათქმელი აქვს.“ – ამბობს ჯიშკარიანი „ფორტუნასთან“.

იყო თუ არა კლინიკა „ვივამედი“ კადრების გასაჯაროების მომხრე, დათანხმდა თუ არა პატიმრის კადრების გასაჯაროებას, ამ კითხვით, „ფორტუნამ“ კლინიკა „ვივამადის“ კლინიკურ დირექტორს ზურაბ ჩხაიძეს მიმართა. მან ჩვენს კითხვას მოკლედ უპასუხა:

„ვივამედი“ არის კლინიკა და მისი საქმიანობაა დიაგნოსტიკურ-სამკურნალო პროცესის წარმართვა. სხვა დანარჩენი კითხვებით მიმართეთ პენიტენციურ დაწესებულებას. ნუ ცდილობთ კლინიკას მოახვიოთ თავს ის, რაც არ არის მისი ფუნქცია“ , – უპასუხა „ფორტუნას“ ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილი: „გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები