ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, მისთვის დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, პატიმარ სააკაშვილს მეტი სერიოზულობა მართებს.
„ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა. ზოგიერთ მათგანს კვირების და თვეების მანძილზე უშიმშილია, ზოგჯერ იყო მშრალი შიმშილობა, ზოგჯერ არა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, მისთვის დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი, ეს ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, ვინაიდან დაზარალებული ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია სისხლის სამართალში და დაზარალებულებს სჭირდებათ, რომ დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი სრულად. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ აუცილებლად გვაწუხებდეს და გვაწუხებს არის, რომ თავად პატიმარმა დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ თავს და მისცეს ხელისუფლებას საშუალება, იმ ნაბიჯებმა, რასაც დგამს პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო, მოიტანოს მაქსიმალურად სასიკეთო შედეგი, პატიმარი თავს გრძნობდეს კარგად მისი სასჯელის მოხდის პერიოდში“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ამავე თემაზე:
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი