საქართველოს ნაკრები ხვალ, 1 ივნისს, მალტასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. მანამდე ჩვენი გუნდი ავსტრიაში საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ერთჯერად ვარჯიშებს განაგრძობს. მალტასთან შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელი ემზადებოდა. უახლოეს ამხანაგურ მატჩებში კი ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე. ფეხბურთელი, რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმის გამო, ამ დროისთვის სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.
ბად ჰარინგში გამართული ვარჯიშის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში პირველ გამოძახებასთან დაკავშირებით ბექა ვაჩიბერაძემ ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ლატვიურ კლუბ „რიგასში“ ირიცხება, სხვადასხვა დროს უკრაინის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს საქართველოს ნაკრებში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამწვრთნელო შტაბს ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები. მინდა, რომ ბოლომდე გამოვავლინო ჩემი თავი ვარჯიშებზე და მომავალში კვლავ გამომიძახონ საქართველოს ნაკრებში.“
21 წლის გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ნაკრების ამ შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იმყოფება. ფეხბურთელი ნაკრების სამწვრთნელი შტაბის ინტერესის სფეროში გასულ წელსაც იყო. 2017 წლის იანვარში, დუბაიში ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების საწვრთნელი შეკრება გამართა, შვედეთის „გიოტებორგში“ გადასვლამდე, გიორგი ხარაიშვილი, თბილისის „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა.
„ყველა ფეხბურთელისთვის პატივია პირველ გუნდში თამაში და ქვეყნის სახელის დაცვა. ეს ორი ამხანაგური თამაში, ერთგვარი შანსია ახალგაზრდისთვის გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და შემდეგ ოფიციალურ თამაშშიც იყოს განაცხადში” – განაცხადა გიორგი ხარაიშვილმა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მალტისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)