ლოლა წერეთელი ამჯერად საქართველოში იმყოფება. მისი ახალი სიმღერების პრემიერა სხვადასხვა შოუში უკვე შედგა. ლოლა ქართული შოუბიზნესის ის წევრია, რომელიც არასდროს ჩერდება და მსმენელს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს. fortuna.ge-მ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის შოუს „გული მღერის“ გადაღებაზე ჩაწერა, სადაც ასევე ახალი სიმღერა წარადგინა.
ლოლა, როგორ ახერხებთ ასეთ აქტიურობას?
მივფრინავ, მოვფრინავ და ვმუშაობ. მსმენელს უნდა სულ ახალი სიმღერები. რაც აქტუალურია, ისეთ თემაზე უნდა იმღერო. ტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. „სახლში წაგიყვან“ რატომ გაპიარდა, სადაც უნდა წახვიდე, ყველა მღერის. ნინო ჩხეიძეს ვენაცვალე, მისმა პროდიუსერმა დამირეკა, თუ შეიძლება, ნინომ იმღეროსო. დიდი სიამოვნებით-მეთქი, მინდოდა, ეთქვა, რომ ჩემი სიმღერაა და ძალიან ლამაზად დაასახელა, თქვა, რომ ჩემი რეპერტუარიდან არის ეს სიმღერა, რაც არ გააკეთა გია სურამელაშვილმა. მე რომ მკითხო, ეს კოლეგიალური არ არის.
გიამ ისე იმღერა, რომ თქვენგან ნებართვა არ აუღია?
არა!..
არ გისაუბრიათ მასთან ამ თემაზე?
არც ვაპირებ. ეს არის ადამიანის კულტურა, მე ასე მგონია. თავად ადამიანმა ხომ უნდა იფიქროს, რომ სხვისი სიმღერაა. კოლეგიალობა კარგი სიტყვაა.
შოუბიზნესში სულ არის ხომ ასეთი ნაკლებად სასიამოვნო მომენტები?
არ ვიცი… მე ვცდილობ, არ დავეჯახო არავის. „მეგონა“ არის ძალიან ძველი სომხური სიმღერა. ოვიკა მღეროდა, რომელიც სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია, გარდაიცვალა. სამი წლის წინ, ერევანში კონცერტი მქონდა და მაშინ დაველაპარაკე, ვთხოვე ნებართვა. დაო, როგორც და რაც გინდა, გააკეთე, შენი ნამღერი იქნება სასიამოვნო და ძალიან მიხარია, რომ ჩემი სიმღერა ქართულად აჟღერდებაო. ვცდილობ, ყველაფერი იყოს წესრიგში, რომ მერე პრობლემა არ შემექმნას.
რა ჟანრშიც თქვენ მღერით, იქ მართლაც ხშირია ქართულ ენაზე გადმოკეთებული სომხური სიმღერები…
სიმართლე გითხრათ, ქართული ესტრადის 90% გადმოკეთებულია სომხურიდან, რადგან ჩვენი კომპოზიტორები არ წერენ. ეს არის პრობლემა. თუ გახსოვთ, ნოდარ მელაძის შოუ „100 გრადუსი ცელსიუსით“, მაშინ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვიყავით, წარმოიდგინეთ, რამდენი წლის წინ და ვლაპარაკობდით, რატომ არ იწერებოდა ახალი სიმღერები. თვითონ კომპოზიტორს უნდა ჰქონდეს სურვილი, დაწეროს. თბილისში არის სულ ორი კომპოზიტორი – რუსა მორჩილაძე და ქეთი ხუციშვილი. ქეთის ძალიან ლამაზი სიმღერების დაწერა შეუძლია, აუცილებელი არ არის, ქალაქური და „ტაში-ტუში“ იყოს. შორს რომ არ წავიდე, „კეკლუც ღიღილოს“ რომ მოუსმინოთ, გაიგებთ, ვინ არის ქეთი ხუციშვილი, კუთხური სიმღერების დაწერაც შეუძლია. მთავარი ისაა, რომ ტექსტიც აზრიანი იყოს. მხოლოდ ჩემს ჟანრში არ არის კომპოზიტორების პრობლემა. კიდევ კარგი, რომ არსებობს გელა გნოლიძე, რომელიც ალამაზებს და თანამედროვე სტილში აკეთებს ძველ სიმღერებს, ამას მაინც მოუსმინოს ხალხმა, თორემ სხვა არაფერი კეთდება.
გასტროლებზე მინდა მოგვიყვეთ, რომელ ქვეყნებში დადიხართ კონცერტებით?
ახლახან სალონიკში, საბერძნეთში გვქონდა კონცერტი მე და გიორგი შოშიტაშვილს. სასწაული საღამო გამოვიდა, 10 საათზე დავიწყეთ და დილის 5-ზე დავამთავრეთ. ჩვენს კონცერტს 750 კაცი დაესწრო. 10 სიმღერას ასეთ დროს ვერ იმღერებ. ჩემს რეპერტუარში 51 სიმღერაა და მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტი შევასრულო ჩემი მსმენელისთვის. ამ კონცერტის ორგანიზატორს, ქალბატონ ლელას დღემდე სწერენ, რომ კვლავ სურთ ჩვენს კონცერტზე დასწრება. ამ კონცერტის შემდეგ ვსტუმრობდი ბარსელონას, ქართულ რესტორანს „სუფრა“, რომელსაც ქართველი ებრაელი ფლობს. ახალი წლის დღეები იქ გავატარე. ახლა იგეგმება კონცერტი ათენში. მივდივართ ასევე ისრაელში, მე, გიორგი შოშიტაშვილი და აჩიკო მეფარიძე.
თბილისში თქვენს მსმენელს სად შეუძლია მოსვლა?
თბილისში სტაბილურად არსად ვმღერი. ახლა, ჩამოსული რომ ვიყავი, რესტორან „ძველ ერევანში“ ვმღეროდი.
მინდა, თქვენს იმიჯზე გკითხოთ, თმის ფერი შეიცვალეთ, რამ გადაგაწყვეტინათ ეს ექსპერიმენტი და რაზეა ხოლმე დამოკიდებული იმიჯის ცვლილების სურვილი, თქვენს ხასიათზე თუ მაყურებლისთვის სიახლის შეთავაზება გსურთ?
ჩემს ხასიათზეა დამოკიდებული. რამდენიმე დღე ვდგებოდი დილით, სარკეში რომ ვიხედებოდი, რაღაც არ მომწონდა. საბერძნეთში რომ ვიყავი, ჩემს მეგობარს ვთხოვე, სალონში წამიყვანე სასწრაფოდ, წითური უნდა გავხდე-მეთქი. ვიცოდი, რას ვაკეთებდი. 27 000 მოწონება მაქვს, როგორი მიხდება ეს ფერი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს. იმიტომ კი არა, რომ ლაიქები მიხარია. ჩემი მსმენელის აზრი მაინტერესებთ, როგორ მოეწონათ სიმღერა, თემა, თმის ფერი… მგონია, რომ ჩემგან მსმენელი მხიარულებას და ხალისს ელოდებიან…
სიყვარულზე რომ გიწერთ კომპოზიტორი, ტექსტში პირად გრძნობებზე საუბარი გიყვართ?
როცა ახალ სიმღერას წერ, ყველაფერზე უნდა იფიქრო. ყველა ჩემი სიმღერის შემდეგ კომენტარები მოდის, აი, ისევ ტირისო. არადა, მე მეცინება. ამ დროს სიცოცხლით ვარ სავსე, ახალ-ახალი მინდა გავაკეთო და გავახარო ჩემი მსმენელი.
ანუ ლოლა ძალიან კარგ ხასიათზეა?
რა თქმა უნდა!..
პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხოთ…
არაფერი პირადი არ მაქვს. პირადი არის ჩემი მუსიკა, მორჩა!..
ეს როგორ?
ეგრე! ყველაფერს აქვს თავისი დრო.
ანუ სიყვარულის დრო აღარ არის?
რა თქმა უნდა, არა!..
ქალის ცხოვრებაში ყოველთვის არის ამის დრო.
არა…
რატომ მიხვედით ამ დასკვნამდე?
იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ასაკი. მე მყავს ჩემი დისშვილები, ძმისშვილები, ოჯახი, ვისთან ერთადაც ვერთობი, ეს არის ჩემთვის მთავარი. ოჯახზე კარგი არაფერია. რომელ პირად ცხოვრებაზე უნდა ვიფიქრო. სიყვარულსაც ასაკი აქვს. ეს ახალგაზრდებმა უნდა იცოცხლონ, მოიყვანონ ცოლები, გათხოვდნენ და იყვნენ ბედნიერები!..
ბევრი რამ გამოიარეთ, მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვთ. დღეს რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?
საბერძნეთში რომ ვიყავი, იმ დროს დავფიქრდი, მწვანე ბარათი ხომ არ გავაკეთო-მეთქი. კიდევ ერთ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მაქვს. ახლა ნიუ იორკში მივფრინავ და მწვანე ბარათის საბუთი იქაც უნდა გავაკეთო. ახლა ვფიქრობ, სად შეიძლება ვიცხოვრო და გავაკეთო ბიზნესი. ჯერჯერობით ჩემს მსმენელს ვჭირდები, მერე რა იქნება, არ ვიცი. რაღაცის გაკეთება მინდა იმისთვის, რომ მშვიდად ვიცხოვრო. არ ვიფიქრო იმაზე, იქ რომ არ გავფრინდე, საიდან შემოვიდეს შემოსავალი-მეთქი. ლამაზად მინდა ვიცხოვრო, მეტი არაფერი…