„ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.
„ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, – აღნიშნა კაია კალასმა.
ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ლევან მურუსიძე და სხვები – რომელ 17 თანამდებობის პირს და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები
სიას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოუთმენლად ელის საგარეო საქმეთა საბჭოს. მისივე თქმით, „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“.
„მოუთმენლად ველი საგარეო საქმეთა პირველ საბჭოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კაია კალასთან ერთად. ბევრი გვაქვს სასაუბრო. უნდა ვაიძულოთ რუსეთი შეცვალოს თავისი კურსი. ჩვენ გვაქვს სახსრები. მათი უკრაინაში გაგზავნა დიდი ხანია დაგვიანებულია. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა და აღნიშნა, რომ ლიეტუვაში უკვე დაუწესეს „სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში“.
„იმედი გვაქვს, შევთანხმდებით ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა იმ ფონზე, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ. როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, ვხედავთ ძალადობას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არის, ის რასაც ვერ უგულებელვყოფთ. ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები
ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხი არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ, ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოოთ. მესამე საკითხი არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ასევე ამ ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ჩვენ გვჭირდება ფინანსური პაკეტი ამისთვის, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ქუჩებში გამოსულ ქართველ ხალხს, რომ ევროპა არ გტოვებთ თქვენ, ევროპა თქვენთანაა და ევროპას თქვენ სჭირდებით“, – აღნიშნა კიასტუსის ბუდრისმა.
კითხვაზე, გააგრძელებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და განაცხადებენ თუ არა, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი არის უკანონო, ლიეტუვის საგარეო მინისტრმა უპასუხა:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, ასევე არასამთავრობოების პოზიციას, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება არის სწორი გზა სიტუაციის მოსაგვარებლად“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბრიუსელში პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.