„ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დღეს ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნათია გოგსაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჰკითხა, „საბოლოო ჯამში ექნება თუ არა ქვეყანას ევროპული მომავალი და თუ ეს ასე არ მოხდა, იქნება თუ არა ისტორიული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან“.
ამასთან, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს შეახსენა უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებებიც, სადაც აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში ამბობს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის თითით იყო საჩვენებელი და ამასთან, განმარტავს რომ ტრაგიკულია ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ამასთან, მაიკლ მაკფოლი ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.
„მაკფოლთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გავაკეთო კომენტარი. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე. უბედურება, მთელი სატელევიზიო სივრცე იყო მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ. პლურალიზმის ხარისხი როგორ შეიძლება, რომ დღევანდელ დღეს შეადარო. მაკფოლს რომ იხსენებთ, ეს ყველაფერი უნდა გაიხსენოთ..“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ „ქართული ოცნება“ 12 წელია ხელისუფლებაში, რასაც ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:
„ერთხელ შეგიძლიათ, არ შემაწყვეტინოთ? ზუსტად ერთი წუთი რომ დადოთ მიკროფონი, გიპასუხებთ, თქვენ გაიხსენეთ მაკფოლი და ამას ვერ გაგიტარებთ, წარმოადგენთ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ტელევიზიას“
