რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯუმბერ ამანათაშვილი და ეკა მამალაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „კოცნები“ და „შენზე ფიქრი“ პრემიერა შედგა.
მოგვიყევით თქვენს თანამშრომლობაზე.
ეკა მამალაძე: ჯუმბერი ძალიან მიყვარს, ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ. მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მგონია, რომ ჩემს პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის და ჩემი „სავიზიტო ბარათია“ სიმღერა „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“. არ არსებობს კონცერტი ამ სიმღერის გარეშე, ეს რომ არ შევასრულო, წარმოუდგენელია, ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ჯუმბერმა ეს სიმღერა მაჩუქა. იცით, კიდევ რატომ ცოცხლობს ამდენ ხანს ეს სიმღერა?! აქვს ძალიან კარგი არანჟირება, რომელიც გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. რაღაც საოცარი ჰარმონიული სვლებია მასში, ეს სიმღერა ძალიან ბევრ განვითარებას გაძლევს, გაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვანაირად დაანახო მსმენელს.
ზოგადად, ძალიან დიდი რეპერტუარი მაქვს და ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა, რადგან დღესდღეობით, წარმოუდგენელია შენი რეპერტუარი გქონდეს. ასე რომ, განებივრებული და მდიდარი ვარ, ჩემი რეპერტუარი რომ მაქვს. გამეორება ძალიან ადვილიც არის და ძნელიც, რადგან რაც არ უნდა გადასარევად იმღერო, გაარემიქსო, სხვანაირად გააკეთო ყველაფერი, მაინც პირველი შემსრულებლის ნამღერი აქვთ ყურში გამჯდარი.
როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ჯუმბერ ამანათაშვილი: მე ყოველთვის ქალბატონი ნანის ფანი ვიყავი, ვარ და ვიქნები. მასთან სახლში ვიყავი მისული, „რაც უფრო შორს ხარ“-ს ვასმენინებდი. ეკა რეპეტიციის დროს მოვიდა და იქიდან მოყოლებული, ეკაც ისმენდა ჩემს დაკრულს, ნამღერს. იმ პერიოდიდან ვმეგობრობთ. ძალიან ახლობლები ვართ. საქართველოში ყველაზე ახლობელი ეკა მყავს, თუ რამე მინდა, ყოველთვის მას ვურეკავ, ჩემი უფროსი დასავით არის.
როგორ შეიქმნა სიმღერა „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“?
ჯუმბერ ამანათაშვილი: როცა ეს სიმღერა დავწერე, 22 წლის ვიყავი და მაშინ ვინც მიყვარდა, იმ გოგოს მივუძღვენი. მარტო ეს სიმღერა არა, ასევე მივუძღვენი „ნუ მაკვირდები“, „საიდუმლოს გაგიმხელ“, „ცოტაც მაცალე“. „საიდუმლოც“ მაგან დამაწერინა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „კოცნები“.
ჯუმბერ ამანათაშვილი: ეს სიმღერა ნანა ცინცაძის ლექსზე არის დაწერილი. ეს სიმღერა 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმე წლის წინ, როცა ეკას დაბადების დღე ჰქონდა, ვიფიქრე, მუსიკალურად მივულოცავ-მეთქი და ტელეფონში ჩავწერე ეს სიმღერა, მე თვითონ დავუკარი ინსტრუმენტთან, მე თვითონ ვუმღერე და დავდე სოციალურ ქსელში. არ ვიცი, ეკამ მოისმინა თუ არა. მე თვითონ ჩავწერე ეს სიმღერა, მე თვითონ გავაორკესტრე, მე გავაკეთე არანჟირება. ძალიან დიდი მადლობა ბადრი ფილიშვილს, მის სტუდიაში ჩაიწერა ეს ნამუშევარი. ეს სიმღერა ეკა მამალაძეს ეძღვნება.
მოგვიყევით სიმღერაზე „შენზე ფიქრი“.
ჯუმბერ ამანათაშვილი: ეს სიმღერა ეკას შესრულებით არის. 2023 წელს დაიწერა. ჩემი კორპუსის წინ ვიდექი, მზეს ვეფიცხებოდი, განტვირთვა დასვენება მინდოდა და უცებ, სრულიად შემთხვევით, გამოიარა ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა, რომელთანაც ძალიან ცოტა ხნით მქონდა ძალიან ლამაზი რომანი. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და რომ წავიდა, ისეთი მოხიბლული დავრჩი, ვფიქრობდი, თავიდან ხომ არ შევიყვარო, რა გადასარევ ფორმაში არის-მეთქი (იცინის). უცბად, იქვე წამოვიდა ეს მელოდია, მერე მისამღერი. 15-20 წუთში არის დაწერილი. თავიდან, სიმღერა ცოტათი სხვანაირი იყო, ეს ვერსია ეკა მამალაძეს ეკუთვნის.
სხვა რა მნიშვნელოვანი სიახლე შეგიძლიათ, რომ აღნიშნოთ და გაგვიზიაროთ?
ეკა მამალაძე: გამოიცა ნანის წიგნი. ჩემმა შვილმა, გოგლიკო საყვარელიძემ გააკეთა ეს ყველაფერი და მართლა ძალიან გულის ამაჩუყებელია, რომ შვილიშვილმა ბებიას წიგნი მიუძღვნა. დედაჩემი კატეგორიულ უარზე იყო, არ უნდოდა, რატომ უნდა გამოვიდეს წიგნიო. რაც მთავარია, გამოვიდა ფირფიტაც, სადაც შესულია ის მართლა მარგალიტები და ჰიტები, რაც ნანიმ იმღერა. 2 წელი მიდიოდა ამაზე მუშაობა და ჩემს შვილს როგორ არ უნდა დავუფასო ეს, წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის მოგროვება.
ჯუმბერ ამანათაშვილი – კოცნები
ეკა მამალაძე – შენზე ფიქრი
გადაცემის აუდიოჩანაწერი