კონცერნმა Ford-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეწყვეტს ელემენტზე მომუშავე პიკაპების F-150 Lightning-ის წარმოებას შეწყვეტს. ამ მოდელის ბოლო ეგზემპლარები საწარმოო ხაზს მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებენ. თუმცა Ford პიკაპების ელექტრიფიკაციაზე სრულად უარს არ ამბობს. უკვე დაანონსდა F-150 Lightning-ის მეორე თაობა, რომელიც თანმიმდევრული ჰიბრიდი იქნება.
Ford-ის ელექტრომობილების მიმართულების ხელმძღვანელმა დაგ ფილდმა F-150 Lightning-ს ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ელექტროპიკაპი და რევოლუციური პროდუქტი უწოდა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბატარეაზე მომუშავე პიკაპი სრულფასოვანი წარმომადგენელია F-სერიის ოჯახში. მიუხედავად ამისა, მოდელი წარმოებიდან იხსნება – სავარაუდოდ იმის გამო, რომ Lightning-ის გაყიდვების ტემპმა მოლოდინები ვერ გაამართლა.
ახალი თაობის ჰიბრიდული F-150 შეინარჩუნებს ელექტროძრავებს, თუმცა მათ დაემატება კომპაქტური შიდა წვის ძრავი, რომელიც ელექტროენერგიის გენერაციისთვის იქნება განკუთვნილი. Ford-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტა აღმოფხვრის ელექტრომობილების მთავარ ნაკლს – შედარებით მცირე სავალ მანძილს და ამავე დროს შეინარჩუნებს მათ ძირითად უპირატესობებს. ტექნიკური მახასიათებლებიდან ჯერჯერობით მხოლოდ სავარაუდო სავალი მარაგია დასახელებული, რომელიც 1100 კილომეტრს გადააჭარბებს. შესაბამისად, ჰიბრიდული ვერსია ამ მაჩვენებლით ელემენტიან მოდელს დაახლოებით ორჯერ აჯობებს. პიკაპის პრემიერის თარიღი ჯერ არ სახელდება.
Ford-ის ელექტრომობილების მიმართულება მთლიანობაში, პარალელურად გამოცხადებული სტრატეგიის მიხედვით, შეწყვეტს სრულ ზომიანი ელექტრო მოდელების წარმოებას და ყურადღებას უფრო კომპაქტურ და ხელმისაწვდომ ავტომობილებზე გაამახვილებს.