LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდეს ახალი სინგლი ყოფილ შეყვარებულებზე – მუსიკალური ვიდეო მოულოდნელი დასასრულით

15106

არიანა გრანდეს მეხუთე სტუდიური ალბომი Thank U, Next გაყიდვაში ჩაეშვა. 25 წლის შემსრულებლმა დისკის პრემიერას ახალი სინგლის რელიზი დაამთხვია და Youtube-ის ოფიციალურ არხზე Break Up with Your Girlfriend, I’m Bored გამოაქვეყნა. სიმღერა, რომელშიც ამერიკელმა მომღერალმა ‘N Sync-ის 2000 წლის ჰიტის It Makes Me Ill სემპლი გამოიყენა, ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა.

სიუჟეტის მიხედვით, ჰანა ლუქს დევისის გადაღებული ვიდეო, სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ფინალურმა ეპიზოდმა ახალგაზრდა ვარსკვლავის თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. მუსიკალური რგოლის ბოლოს, ის გოგონას კოცნის, რომლის მასთან მსგავსება ინტერნეტმომხმარებლებს არ გამოჰპარვიათ.

საუბრობენ, რომ ,,გრემიზე” ნომინირებული არტისტი უახლესი ნამუშევრით, საკუთარ ბისექსუალობას ამხელს. არის ვარაუდი იმის შესახებაც, რომ სიახლე მის ყოფილ ბოიფრენდებს, ბიგ შონსა და პიტ დევიდსონს ეძღვნებათ, რომლებმაც გრანდესთან დაშორების შემდეგ, რომანები ჯენეი აიკოსთან და კეიტ ბეკინსეილთან გააბეს.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის კლიპი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოვიდა, უკვე 5 მილიონზე მეტჯერ ნახეს.

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდეს ახალ ფირფიტაში 12 სოლო სიმღერა, მათ შორის კი ,,ფორტუნა პლუსის” მსმენელისთვის უკვე ნაცნობი სინგლები: Thank U, NextImagine და 7 Rings შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები