ზაფხული იწურება, შესაბამისად, შვებულებებიც. უარყოფითი ემოციებისგან დაცლილები, სტრესისგან და ყოველდღიური რუტინიდან გათავისუფლებულები თუ ბრუნდებით დედაქალაქში, წინასწარ შეგამზადებთ, რომ დაგხვდებათ ხუთი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა შევსებული ენერგია უცებ გამოგაცალოთ.


საცობები
 

ეს სავარაუდოდ პირველი პრობლემა იქნება, რასაც წააწყდებით. დიახ, პრობლემა, რომელიც ქალაქში დგას, ამ ზაფხულმაც ვერ მოაგვარა.

იმის გარდა, რომ ქალაქში უბრალოდ ბევრი ტრანსპორტია, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რის გამოც ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ იდგება.


გზები
 

დედაქალაქის უმეტეს უბანში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათი დიდი ნაწილი სექტემბრამდე არ სრულდება. ამ ეტაპზე ბევრი ქუჩაა გადაკეტილი. ზოგი რეაბილიტაციის, ზოგიც გადაღებების გამო. ასე რომ, სანამ ქალაქში გახვალთ, კარგად შეამოწმეთ მოხვდებით თუ არა დანიანულების ადგილამდე ჩვეული გზით.


ტრანსპორტი
 

ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის მიუხედავად, ძველები დიდ პრობლემად რჩება. მათი ბოლომდე ჩანაცვლება მომავალ წლამდე ვერ მოხერხდება. ავტობუსების გარდა, პრობლემაა სამარშრუტო ტაქსებიც, რომლის შესახებ ზუსტი გეგმებიც კი არ ვიცით. და მსუბუქი ავტომობილებიც – ტექინსპექტირების მიუხედავად, ეს პრობლემა არ გვარდება.

მოკლედ ავტომობილები ისევ ბოლავენ და ისევ ჩვენ გვაბოლებენ.


დაბინძურებული ჰაერი

პირველი სამი პუნქტის შემდეგ, ეს ალბათ არც მოულოდნელია და არც გასაკვირი. დიახ, ჰაერი იმაზე უარესი იქნება ვიდრე დატოვეთ. რადგან ჯერ არც კერძო ავტომობილების მძღოლები გადამსხდარან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და არც ამ უკანასკნელის ეკოლოგიურობაზე გვაქვს პრეტენზია.

თან, ქალაქგარეთ დასვენების შემდეგ, ამ პრობლემას ჩვენი ორგანიზმი უფრო მძაფრას აღიქვამს.   


ვალუტის კურსი = ფასები
 

ჩვენი, ეროვნული, მცურავი ვალუტის კურსი ისედაც არ მოგცემდათ იმის საშუალებას, რომ დაგევიწყებინათ, თუმცა დედაქალაქში ყველა გავლა-გამოვლაზე შეამჩნევთ ტაბლოებზე ზევით მცურავ კურსს, მაღალი ფასები კი შვებულების დამთავრებისგან გამოწვეული სტრესის ფონზე კიდევ უფრო მეტად მოგხვდებათ თვალში.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები