“გვქონდა დაახლოებით 8-9 ასეთი მიკროაფეთქების შემთხვევა: მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთი, ვანი, მესტია – ყველაგან მიღებული იქნა მყისიერი ზომები და ეს მიკრომატება ლოკალიზებული იყო მაქსიმუმ 2 კვირაში. იგივე მოხდება მესტიაში“. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მდგრადობა შეინარჩუნა. როგორც თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის რეგიონის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის.
„არ განიხილება რეგიონის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება. არც განგაშის საფუძველს არ იძლევა ეს შემთხვევების მატება რაც აჭარაში დაფიქსირდა. ეს გარდაუვალია, როდესაც ჩვენ კოვიდის პანდემიის გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენს უშუალო მეზობელ ოთხ ქვეყანაში და მეორე რიგის მეზობელ ქვეყნებში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას, გარკვეულად შეზღუდულია მიმოსვლა, მაგრამ არის კონტაქტები, ტვირთბრუნვა.
„საქართველოში დაბალი მაჩვენებელი გარდაცვალების არ იყო შემთხვევითი. ეს იყო შედეგი ექიმების და სამთავრობო გუნდის გააზრებული და ძალიან ეფექტიანი საპასუხო ღონისძიებების და ის, რომ ეს შედეგები დღემდე მდგრადია, ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ასეც დარჩება”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით,
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი-განკურნებულთა რაოდენობა სულ 1302-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.
