მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ.
გიული ალასანია მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, „ხალხის ძალა“ განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩეოდეს.
„მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, არ მგონია, რომ „ხალხის ძალა“ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა.
ეს ჩემი შვილის შესაშინებლადაა და იმ ამერიკელებს უქნევენ თითს, როგორც ჩანს. პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ რომ ვერ გვიგულისხმებენ ამ კონტექსტში, ეს ხომ ნათელია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გაავრცელა მორიგი განცხადება, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის შესაძლო ვერსიაზე საუბრობენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის პატრონებს მათი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ“.