დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქი დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს, რომ მომლოცველებმა, ტურისტებმა და სასულიერო პირებმა მონასტერში შესვლა შეძლონ. ამ განცხადებით, ილია მეორე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელსა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს მიმართავს.
ილია მეორე წერილში აღნიშნავს, რომ გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები, რის გამოც მომლოცველებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს უდაბნოსა და ჩიჩხუტურის მონასტრების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.
“გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით”, — აცხადებს პატრიარქი.
პატრიარქი იმედოვნებს, რომ ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არ დაიძაბება და ქვეყნები კეთილმეზობლურ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.