საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და თანამდებობა, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს მასთან დაკავშირებით გამოკითხვებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა NDI- ის კვლევის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა კარგად ან საშუალოდ (16% – კარგად, 41% – საშუალოდ) აფასებს.
“დღეს საქართველოს ჰყავს ფორმალური პრეზიდენტი, რომელმაც თვითონვე გააუქმა მისი ინსტიტუტი და მისი თანამდებობა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, ამიტომ არავითარი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს მასთან დაკავშირებით რაიმე გამოკითხვებს თუ ამ გამოკითხვების შედეგების შეფასებას.
რაც შეეხება პარტიებთან დაკავშირებულ შეფასებებს, ყოველ ჯერზე ვნახულობთ ფაქტებს, სადაც განისაზღვრება ჩვენი მოქალაქეების რეალური არჩევანი. ყოველ ჯერზე ასეთი ტიპის გამოკითხვების მონაცემები დგება ხოლმე თავდაყირა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრად მეტი პროცენტული მაჩვენებელი იქნება ასახული ციფრებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვიდრე აქაა შემოთავაზებული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.