LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა: იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება

137
af112b2fc1b1d99a8bb592b627334373

მრავალპარტიული პარლამენტი დღეს პირველად ერთპარტიულად შეიკრიბა. 31 ოქტომბრის არჩევნებს “ქართული ოცნება” საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავს. ოპოზიციის ნაწილი კი ცესკო-ს შედეგებს დემონსტრაციულად პასუხობს და აქციას მართავს. თუმცა, ოპოზიცია ერთიანი არ არის. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიდან “გირჩი”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”, “რესპუბლიკური პარტია” და “პატრიოტთა ალიანსი” წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ.

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

“მონა! მონა!” – დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის დერეფნისა და კომუნისტური სიმღერის ფონზე შედიან

 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა: 

“მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და გვეუბნება, დავიღალეთ. ამ საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში. დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვითო. ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით. დიალოგის ნაცვლად, მუქარისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით.

30 წლის განმავლობაში, ქუჩაში ყველა თაობა იდგა. მათ შორის მეც. ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება. დავიღალეთ, მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის. ზვიადისტები – ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები – ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება.

იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება. დავიღალეთ გაუთავებელი ლანძღვით. შეურაცხყოფებით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით. სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცვესა და დასუსტებულს. იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საზოგადოების მოთმინება ამოიწურა. რამეთუ, თითქმის ასი წელი გავიდა რუსეთის მეთერთმეტე არმიამ დამოუკიდებელის საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელი, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ ამის მერე სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია ადამიანისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. დროა, მოჯადოვებული წრე გავარღვიოთ. საქართველო გზაგასაყარზეა. ქვეყანა განთავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები.

დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები. თუმცა, ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების განთავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება. ამისთვის კი საჭიროა, გათავისუფლდეთ იმისგან რაც ჩვენ ცნობიერებას აბრკოლებს.

ტყუილი და ხალხით მანიპულირება, ცრუ ლოზუნგებისა და პოპულისტური დაპირებების მეშვეობით. იდეოლოგიების დრო დამთავრდა. კომუნიზმი დასრულდა. ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა.

აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა. ეს პასუხსმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა. რამეთუ, პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს ამ ვითარებაში ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები.

მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭირო არის, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მე მინდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება.

magti 5g