LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე” – ამერიკელი ნევროლოგი

228
მიშა და ლაჰანი

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოში დისტანციურად იკითხება ამერიკელი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ემანუელ ლაჰანი. მან ადვოკატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაავადებები სასჯელის მოხდისთვის ხელის შემშლელია.

„მე, როგორც ნევროლოგი მივიჩნევ, რომ ის სერიოზული დაავადებები ხელის შემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის”, – თქვა ნევროლოგმა.

შაჰინ ემანუელ ლაჰანის განცხადებით, სააკაშვილი სერიოზულად არის ავად.

„სააკაშვილს აწუხებს თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია. ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რაც მას აქვს, არის დემენცია, ასევე კრუნჩხვები.

სააკაშვილს აქვს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც ართულებს სიარულს. ამასთან, ზეწოლა ხერხემლისა და კისრის მიდამოში, მალთა შუა დისკებს შორის, ანუ ზურგის ტვინზე. აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს ყველაზე სერიოზულია იმ სამედიცინო მდგომარეობებს შორის, რაც მას აქვს. სააკაშვილს ასევე აქვს გონების გარდამავალი დაკარგვა, დემენცია, კუნთების მნიშვნელოვანი განლევა. ეს არის სია მისი სერიოზული დაავადებების, რომლებიც მიმაჩნია, რომ ხელის შემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის“, – აღნიშნა ნევროლოგმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას.

„ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიური მდგომარეობის მხრივ იყო ჯანმრთელად და ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა თავისუფლად, შეეძლო ადამიანებთან სრულყოფილად ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზე იყო ამ შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება და ეს მეც გამოვავლინე გასინჯვის დროს. მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ მკურნალობა არ არის სწორად ჩატარებული. მისი გასინჯვის შემდეგ, მე ვხედავ, რომ ამის საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება.

ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიცაა საკუთარი თავის მოვლა და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ამ პირობებში გამოჯანმრთელდეს.  ვიდრე სხვებისგან არ მივიღე ინფორმაცია, არ უთქვამთ, რომ კრუნჩხვები ჰქონდა და გამოკვლევისას დაეცა. მის სხეულზე აღმოვაჩინე დაზიანებები.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მას არ ახსოვს ეს ეპიზოდი, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის კრუნჩხვებისთვის. ეს ვუთხარი სამედიცინო პერსონალს, თუმცა არ მისცემია შესაბამისი მკურნალობა. ჩემთვის ეს ნათელი დადასტურებაა, რამდენად არაადეკვატურია მის მიმართ გაწეული მკურნალობა“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლაჰანიმ სასამართლო პროცესზე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თავის ტვინის მოცულების შემცირება ასოცირებულია იმ დაავადებებთან, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის, დემენციასა და ეპილეფსიაზე.

აღნიშნულით მან ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რას უკავშირდება 2022 წლის 17 მაისის ტომოგრაფიის შედეგი, სადაც აღნიშნულია, რომ თეთრი ნივთიერების სიმკვრივე შემცირებულია, ამასთან, საუბარია დემიელინიზაციაზე.

„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, საგანგაშო მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება, როდესაც ის არის უფრო პატარა, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში. თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება. თავის ტვინის მოცულების შემცირება ასოცირებულია იმ დაავადებებთან, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის, დემენცია და ეპილეფსია.

სამეცნიერო თვალსაზრისით, კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ძალიან დიდ ალბათობას წარმოადგენს ის, რომ თეთრი ნივთიერების შემცირება დემენციის ერთ-ერთი შედეგია. იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი სურათი, მინდა ვთქვა, რომ დემენციის დიაგნოზი მარტო კომპიუტერული ტომოგრაფიით არ ისმება. დიაგნოზი კომპლექსური, ნევროლოგიური კვლევით ისმება. გონებრივი შესაძლებლობების შეფასება ხდება 2-დან 30-მდე, ის ყველა შემთხვევა, სადაც 26-ზე ნაკლებია, მეტყველებს თავის ტვინის დაზიანებაზე. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს ქულა იყო 20, ეს მეტყველებს, რომ პათოლოგიაა“,- აღნიშნავს ექსპერტი.

მან გულყრის ეპიზოდებზეც ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, გულყრების ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი უცაბედი სიკვდილია.

„გულყრებს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ინფექციური, ტოქსიკური მიზეზები, ასევე თავის ტვინის ორგანული დაზიანებაც. როდესაც არის გულყრა, ის იწვევს გონების დაკარგვას, და ფიზიკური დაზიანებების მიღების საშიშროებაა. როდესაც, არ ხდება გულყრების კონტროლი, ეფექტური მოვლენა, უფრო მძიმე ხარისხის გულყრების წარმოქმნის საშიშროება არის. გულყრების ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი უცაბედი სიკვდილია. როდესაც ადგილი აქვს გულყრას, სასუნთქ გზებში ჰაერი ადეკვატურად არ მოძრაობას და ამან შეიძლება უცაბედი სიკვდილი გამოიწვიოს. გულყრების შედეგად მას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება, სახსრებში იყო დისლოკაცია, ამოვარდნილობა“,- აღნიშნავს ექსპერტი.

მისი განმარტებით, 8 თვე საკმაოდ გრძელი პერიოდია იმისთვის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს სრულყოფილი მკურნალობა.

ამასთან, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის კადრების გასაჯაროებამ მას ღირსება შეულახა.

„ამ ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეიძლება გაართულოს ეს მდგომარეობა. შესაბამისად, პაციენტს უვითარდება სრული უნდობლობა სამედიცინო დაწესებულებისა და პერსონალის მიმართ და იმ შემთხვევაში თუ მას სჭირდება შემდგომი დახმარება, შეიძლება აღარ მიმართოს ამ დახმარებისთვის. დიახ მიმაჩნია, რომ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ ტანჯვას, ასევე მისი ღირსების შელახვასა და მის დამცირებას იმ ვიდეოკადრების გამოქვეყნების გზით, რომელიც ასახავს მის პირად ცხოვრებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გარკვეული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მათ შორის 40 კალენდარული დღის განმავლობაში, პაციენტისთვის 30 სხვადასხვა მედიკამენტის მიცემა არის პოლიფარმაცია.

2019 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა დოკუმენტი და დიახ, ეს განიხილება ამ სტანდარტების მიხედვით როგორც პოლიფარმაცია. ამ დოკუმენტში მითითებულია რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მედიკამენტის მიცემა პოლიფარმაციად. პოლიფარმაცია არის 5 ან მეტი მედიკამენტის მიცემა იმ პაციენტისთვის, რომელიც არის მოწყვლადი“, – განაცხადა შახინ ემანუელ ლაჰანიმ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 9 იანვარს, მიმდინარე სასამართლო სხდომას არ ესწრება.

პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის – ის მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია: პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მანჯგალაძე: არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება

ალასანია: იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები