„ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია, ვერ მოძრაობს, საერთოდ არანაირი ძალა აღარ აქვს“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ კლინიკა „ვივა მედთან“ განაცხადა.
გიული ალასანია გამოეხმაურა კლინიკის წარმომადგენლების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს.
ალასანიას თქმით, მას წამლის მიღებაზე უარი არასდროს უთქვამს:
„ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს და თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება, უკვე არ ვიცი, რა გიპასუხოთ.
მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ყოველ წუთში შემოდის ექთანი და რაღაც ტაბლეტებს აძლევს, არასოდეს არ გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას, სხვა რა გითხრათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის შემდეგ, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამასთან, სააკაშვილის დედის თქმით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მას არ აქვს ინფორმაცია.
„პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი, ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა, ვიცი, რომ ისინი მზად არიან, სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით გამზადებული აქვთ.
როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმები შემოვლენ და დასკვნას დადებენ, მაშინვე წავალთ სტრასბურგში“, – ამბობს გიული ალასანია.
პენიტენციური უწყების სამედიცინო სამსახურში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტების მიღებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე უარს აცხადებს:
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება შეასრულოს.
რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს – ამ დრომდე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“ – ამბობს პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე.
„პაციენტი ბევრად მეტს იწონის“ – ზურაბ ჩხაიძე გიული ალასანიას პასუხობს
კობახიძე: სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში – ეს არის კატასტროფა
მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია