„ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სინამდვილეში, პაციენტი ბევრად მეტს იწონის.
როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, არ იცის, რის საფუძველზე საუბრობენ, რომ დღეის მდგომარეობით სააკაშვილი 58 კილოს იწონის.
„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილო, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს.
წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 28 მარტს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი 58 კილოს იწონის.
ამავე თემაზე:
„ნებისმიერ დილით შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე