„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ბრძოლა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება“. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მომდევნო სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
მისივე თქმით, სასიხარულოა, როდესაც იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას და მის მეგობრებს, რომლებიც შიმშილობდნენ, სიკვდილი არ ემუქრებათ, თუმცა მოქალაქეობრივ სიხარულს ჯერ ვერ განიცდის, სანამ იცის, რომ ქვეყანას ყავს უზურპატორი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, არჩევნები და ცდილობს, ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა.
მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
„რომ არა არაძალადობრივი პროტესტი, ის არაერთი მართლაც სახიფათო დღე, სადაც ხაფანგი და მახე ჰქონდა დაგებული და ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ ხელისუფლების ორგანიზებულს, დღევანდელი დღე არ დადგებოდა და არ მიეცემოდა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა, შიმშილობა შეეწყვიტა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერები ვართ, ადამიანურად, ვიცით, რა რომ არ ემუქრება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას და ჩვენს მეგობრებს, რომლებიც შიმშილობდნენ. ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია, რაც შეეხება პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ სიხარულს, ჯერჯერობით ვერ განვიცდით, სანამ ვიცით, რომ ქვეყანას ყავს უზურპატორი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, არჩევნები და ცდილობს, ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა. ბრძოლა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას.
ძალიან თხელ ყინულზე ვიარეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა, ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ, როდესაც მწვავე საპროტესტო აქციების ჩატარება გვიწევდა და ისე გავაკეთეთ, რომ პროვოკაციას არ წამოვეგეთ, რაც გამოიწვევდა დაკავებებს კი არა, სისხლისღვრას, როგორიც უნდოდათ მათ. უნდოდათ არა მარტო ადამიანებს, რომლებიც აქ სხედან, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმის ავტორებს. მაგრამ, მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ. არც ერთი ჩვენგანი, მე დავიფიცე ყველა ქალაქში, სადაც ვიარე და ვთქვი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ; ვიდრე მიტაცებული სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ ექნება, ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ. აი, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.