19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი. ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ კომისიის წევრები საქმის მასალების დეტლური შესწავლის შედეგად მივიდნენ ერთიან გადაწყვეტილებამდე და ექსპერტიზის წარმოების პროცესში აზრთა სხვადსხვაობას ადგილი არ აქვს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იმ 14 შეკითხვიდან, რომელიც გამოძიებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გაუგზავნა, პასუხი მხოლოდ 8 შეკითხვაზეა გაცემული. 8 შეკითხვა, ძირითადად, მიღებული დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს ეხება.
ექსპერტის განმარტებით, დანარჩენ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი გაცემული არ არის, მიმდინარეობს კვლევა.
როგორც გეჯაძე აცხადებს, იმ დაზიანებებს, რაც გარდაცვლილ ფეხბურთელს აღენიშნებოდა, ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა. მისივე განცხადებით, ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია.
“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს
“რატომ გასაჯაროვდა შუალედური დასკვნა და პასუხგაუცემელი დარჩა იმ 14 შეკითხვის ნაწილი? გამოძიებამ წერილობით მოგვმართა და გვთხოვა, საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პასუხების გაცემა კითხვების ნაწილზე, თუკი ეს უკვე შესაძლებელი იყო. პასუხი გაეცა 8 შეკითხვას – შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია.
ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა. ამავდროულად, ცალსახად გამოირიცხა, რომ მას ბილიკზე დაგორებით მიეღო ეს დაზიანებები, რამეთუ მაშინ მას სხვა სახის დაზიანებები ექნებოდა.
შესაბამისად, დასკვნაში აღვნიშნეთ, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედების შედეგად. წელზე სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ეს დაზიანება ხელკეტის მსგავსი საგნით იყო მიყენებული.
ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია. დარჩენილ კითხვებზე პასუხებს, ეს განპირობებულია კვლევებით, ვინაიდან მიმდინარეობს საქმის შესწავლა. ახლა გამოძიებას მიეცა შესაძლებლობა, უფრო ვიწრო მიმართულებით იმუშავოს“ – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა