LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროკავშირთან ვაჭრობას – კობახიძე „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

63
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, თუ დეკემბერში ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტი საარჩევნო ბარიერზე საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოოდ მიიღებს.

“ქართული ოცნება” მზადაა 2%-მდე დასწიოს ბარიერი, თუ საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსს მიიღებს

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს არ არის ევროკავშირთან ვაჭრობა და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას განმარტავს:

„საარჩევნო ბარიერი ნამდვილად იყო 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი  პუნქტი და ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამას და მზად ვიყავით ცვლილებებისთვის. გავიდა 100 დღე და ნაცმოძრაობამ და მისმა რამდენიმე სატელიტმა ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს. შემდეგ მოხდა შეთანხმების ანულირება მათი ბრალით, არავითარი ვალდებულება აღარ არსებობს 100 დღის შემდეგ 19 აპრილიდან.

დღეს არ გვაქვს არავითარი ვალდებულება და ეს ვალდებულება ავიღეთ დღეს ევროკავშირის წინაშე. კიდევ გავიმეორებ, როგორც კი ევროკავშირი დეკემბერში მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, იქიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, მეორე და მესამე მოსმენით მივიღებთ კანონპროექტს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვაჭრობას, მით უმეტეს ევროკავშირთან ამ თემაზე სავაჭრო არც ჩვენ გვაქვს და არც მათ.

აქ არის საუბარი ერთ მარტივ რამეზე: თუ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არ მიენიჭება, ამ შემთხვევაში გაიზრდება პოლარიზაცია, თუ მიენიჭება, პოლარიზაცია შემცირდება. პირდაპირი კავშირი არსებობს პოლარიზაციასა და დაბალ ბარიერს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენა აქვს გავლილი. 2022 წლის 13 ივნისს განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

„[საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით“, – ასეთია ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია.

რეკომენდაციაა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;

რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით გამართვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები