LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ არის, კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახავს: შალვა პაპუაშვილი

40
შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე არ დგას, რადგან კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ასახავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია რეკომენდაციების გათვალისწინებაში თავად დარწმუნდება, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ნახავს.

“ევროკავშირი, რომელმაც მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, კანონშემოქმედებაში ჩართული არ ყოფილა და ის კანონებს არ ეცნობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად ასახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მას ვენეციის კომისიას გაუგზავნით, რის შემდეგაც ისინი თავად დარწმუნდებიან ამაში, რომ რეკომენდაციები მიღებულ კანონში სრულადაა ასახული,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მის დაჩქარებულ მიღებას, დეპუტატი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მოხდა მისი დაჩქარებით მიღება, რათა პროცესი ცხადი იყოს თავიდანვე ახალი აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ახლა, ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ შეიტანონ განცხადება და კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

ამ თემაზე საუბრისას, პაპუაშვილმა საკითხის მსვლელობის პროცესიც გაიხსენა და თქვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ საკითხს მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განიხილავდა და იქ შინაარსობრივი რაიმე შენიშვნა არ ყოფილა, იმასთან დაკავშირებით, რომ რეგულაციები  ვენეციის კომისიის დასკვნას ბოლომდე არ ასახავს.

“ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ინსტიტუტი, რომელიც თავისი ავტორიტეტიდან გამომდინარე იმსახურებს ნდობას სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდანაც. აქ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გადახედოს და თქვას, რომ ნამდვილად ასახულია ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

პოპულალურები