LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაუმჯობესოთ ტრანსპორტი, განტვირთოთ საცობები: თბილისში “ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები” დაინერგება

490
bus-lines-tbilisi

2020 წლიდან, თბილისში “ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები” დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური ავრცელებს. “ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების” განვითარების მიზანი გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდა და საცობების შემცირებაა.

სისტემის განვითარების მიმართულებები, თბილისის მერიის ტრანსპორტის ქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს და სატრასნპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, გერმანული კვლევითი კომპანიის, “გოპას” სპეციალისტებმა გააცნეს.

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დახმარებით, დედაქალაქი საცობებისგან განიტვირთება:

“ეს მართვის სქემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს, რაც თბილისის საცობებისგან განტვირთვაში დაგვეხმარება. ამდენად, ის დახმარება, რასაც KFW გვიწევს, უმნიშვნელოვანესია. მან თბილისისთვის უკვე დაამტკიცა  სესხი, რათა მომდევნო წლებში გადავიარაღდეთ. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შეძენასთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარება იქნება ის გზა, რომელიც ჩვენ გაგვიუმჯობესებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

“გოპა” კვლევას გერმანიის საინესტიციო ბანკის – KFW ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს. 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმასაც შექმნის. დაგეგმილია შუქნიშნების ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა. ასევე:

  • შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია;
  • მათი ერთმანეთთან სინქრონიზაცია და მართვის ცენტრთან კავშირი;
  • სხვადასხვა უწყებებში თავმოყრილი სატრანსპორტო სისტემების ერთიან ქსელში ინტეგრირება;
  •  საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული მოძრაობის სისტემის დანერგვა;
  • შუქნიშნებისა და არარეგულირებადი გზაჯვარედინების ტრანსპორტის აღმრიცხველი და გამონაბოლქვის დეტექტორებით აღჭურვა;
  • ქუჩებში ცვლადი საინფორმაციო ნიშნების ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი.

ტრანსპორტის მენეჯმენტის დასახვეწად სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც მიმდინარეობს. დაწყებულია დანიური კომპანია “რამბოლის” მიერ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობის პროცესი. აღნიშნული გეგმა მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტია და სფეროს ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს: საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, რკინიგზა, საბაგირო) განვითარების გეგმებს, პარკირების ზონების და კერძო ტრანსპორტის ნაკადების მართვის სტრატეგიას.