LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

540
Untitled design (7)

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმიანება, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს, 7-8 მარტის აქციის ერთ-ერთ მონაწილე გოგო სალომე კენჭიაშვილისთვის მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის გამო.

გიორგი კეკელიძე „სახეწაშლილი ადამიანების ბრბოს დამშვიდებისკენ მოუწოდებს“.

„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს” – გიორგი კეკელიძე

„რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მარო მაყაშვილის სტიპენდიის რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით, გმირის სახელი კნინდება“ – გიორგი კეკელიძე

„როცა შორიდან ვაკვირდებოდი, მიკვირდა, იმ დიდი ეროვნული ერთიანობის ფონზე, სულ ორ წელიწადში, როგორ მოხერხდა, რომ იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს დავუმიზნეთ. დღეს აღარ მიკვირს. იოლად მისახვედრია. უმუხრუჭო საზოგადოება გამოვდექით – სამწუხაროდ ყველაფერზე წამსვლელი მეორე განსხვავებული ადამიანის გაუქმების მიზნით. ლიბერალიც და არალიბერალიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს ვაამოთ, ოღონდ „ადგილი“ შევინარჩუნოთ – რეალური ან ვირტუალური. ეს დღეები ქეთი დუმბაძესაც ვწერდი და სხვებსაც, მიუხედავად იმისა, რა აზრზე იდგნენ და მკვეთრად განსხვავებული იყო თუ არა ეს კონკრეტული აზრი ჩემისგან, მგონია, რომ ადამიანი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მით უფრო თუ წარსული გაკავშირებს და მაშინაც, არაფერი რომ არ გაკავშირებდეს. ასე ვცხოვრობდი სულ და რაც დამრჩენია, ასე ვიცხოვრებ, რასაც უნდა მკარნახობდეს კონიუქტურა – ვიწრო თუ ზოგადი. წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ეს ადამიანები, რომელთაგანაც უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია, გამართულ ქართულს ვერ აბამენ, პირიდან მხოლოდ ღვარძლი ამოსდით და ახალი თაობის ჩაყლაპვის კრონოსული გამხეცებული ვნებით არიან მოცული, კადრულობდნენ ყველაფერს, სადღაც დავალებული და გაზეპირებული ფრაზებით. ამ ადამიანებს მხარს უბამდნენ სასარგებლო იდიოტებიც. და დავინახე, თურმე რამდენს სდომებია ჩემი სიკვდილი, როგორ უხაროდათ ალბათ მაშინ ჩემი თითქმის ორწლიანი წამება, საჯარო სივრციდან გაქრობა და საიქიოს კარზე მიკაკუნება.

და რატომ? იმიტომ რომ ერთ შესანიშნავ, მხიარულ და ბეჯით გოგოს სტიპენდია დავუნიშნე და ეს გოგო მათ აზრს უპირისპირდებოდა? არა, ცხადია. დავუნიშნე, იმიტომ რომ დავინახე, როგორ ვარჯიშობს და შრომობს საკუთარი მომავლისთვის, როგორ გამოხატავს პოზიციას, როცა საჭიროა და იქნება ისეთი მოქალაქე, როგორიც მარო მაყაშვილი იქნებოდა, იმ მტრის ტყვიას რომ არ მოეკლა, რომელსაც ზოგიერთი ასე ცხადად თუ ფარულად ეტრფით. მარო მაყაშვილი საფლავში ბრუნავსო – საფლავში იმ მტერმა ხომ არ ჩააწვინა, რომელსაც ყველაზე მეტად სძაგს ჩვენი ევროპული მომავალი? სინამდვილეში, ხომ ყველამ უცხადესად იცით, რომ არც ეს გოგოა არაფერ შუაში და არც სტიპენდია. ცალკე აღებული – მარო მაყაშვილის სტიპენდია რომ დამეწესებინა – ტაშს დაუკრავდნენ. ვინმე, „ნეიტრალურისთვის“ რომ მიმეცა – ასევე ტაშს. მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა, რომ კერძო, პატარა ფონდი, ჩემივე ჰონორარებიდან დაზოგილი ფულით მცირე ფინანსურ წახალისებას უწესებს ახალგაზრდებს. ახლა არის. და ვიცით რატომაც. ზოგიერთი შეიძლება ხვდება კიდეც რასაც წერს, ზოგიერთი ვერ. მთელი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურე. ამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეგობრის სახლში ჩასადგმელ გაშლილ ლოგინში მეძინა, შეცდომა მომსვლია უამრავი, მაგრამ მათგან უმეტესი უნებლიე და არა ავი განზრახვით, ვმუშაობდი დღე-ღამეში 20 საათი, მაშინაც კი, როცა მხოლოდ სიკვდილი მინდოდა, ვგრძნობდი პასუხიმგებლობას და საკუთარ თავს მივათრევდი სამსახურში, თუმცა არასდროს ამიღია სახელმწიფოსგან არც პრემია, არც ჯილდო, არც წახალისება ჩემი შრომის გამო – ამას ხაზგასმით ვაკეთებდი და თუ დამცალდა, ასეც გავაგრძელებ. ვერცერთ გრანტს ვერ დაძებნით ჩემგან აღებულს – განა იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ სხვა მიმართულებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. არასდროს მიქია არცერთი ხელისუფალი, ვერცერთ დითირამბს ვერ მოისმენთ ვერცერთ დროში ჩემგან გასროლილს და ეს თანაბრად აღიზიანებდა ყველას – „როგორ ხდება, რომ ეს კეპკიანი ბიჭი, ამდენ რამეს მოედება და თან არ მლიქვნელობს, არავინ უდგას ზურგში და „ყველას უყვარს“. ეს „ყველას უყვარს“, ეს პოპულარობა არის ჩემი განაჩენი და მთავარი ბრალი. უმძიმესი დეპრესია და შფოთვითი აშლილობები გადავიტანე, მათგან ერთს ახლაც ვებრძვი, მთელი ღამის უძილობის და შფოთვის ფონზე, წერა ამწამსაც მიჭირს (თავს არავის ვაცოდებ, ეს ჩემი არჩევანია – მკაფიო და ზუსტი) და იოლად შემეძლო, თბილად ვმჯდარიყავი სახლში და ჩუმად მეკეთებინა ის არცთუ ცოტა საქმე, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლი – მშვენივრად იცის მტერმაც და მოყვარემაც. არ დავჯექი, იმიტომ რომ დავინახე უამრავი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის რაღაც უკეთებია, ერთ მხარეს იდგა, მოყვარე მოგვიწოდებდა და მტერი ხარობდა. ადვილი არ იყო ეს ჩემთვის – ბევრი რამ გადავლახე – საზოგადო თუ პიროვნული. მერე, როცა დავინახე რომ უფროსი თაობა ახალს აძაგებდა, ერთ-ერთს მათგან, დავუნიშნე სტიპენდია, როგორც მხარდაჭერის და თანაგანცდის ნიშანი, რომ მე მათთან ვარ იმ შეცდომებთან და ღირსებებთან ერთად, რასაც ატარებენ, რადგან ისინი არიან ამ ქვეყნის მომავალი და უნდა იცოდნენ – სწავლა, რწმენა, შრომა და თავისუფლება უნდა იყოს მათი ლოკომოტივი. და ამის კვალად დავინახე სახელწაშლილი ადამიანების ბრბო. დამშვიდდით მეგობრებო, მე პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ მაინტერესებს, ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ – სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება. არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. როცა საჭირო იქნება, მე ისევ ვიტყვი ხმამაღლა სათქმელს, როცა არ – გავაგრძელებ ჩემი საქმეების კეთებას. ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. სიმშვიდე ვერ იბუდებს ჩემში, თუმცა ოდესმე ალბათ დადგება განრიდების დრო. მანამდე აქ ვარ, გძულვართ თუ გიყვარვართ, საზოგადოების ერთი წევრი, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესის მსურველი“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები