„უნდა ჩატარდეს სასამართლო, ხომ უნდა გაირკვეს ბოლოს და ბოლოს, რატომ ზის ეს ადამიანი, რა არის მისი დანაშაული ამ ქვეყანაში, რა ჩაიდინა ისეთი, რომ უნდა იჯდეს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
გადაცემის “რეაქცია” წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, რა იყო მიშას ყველაზე დიდი შეცდომა, რაზეც გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია.
„ბევრი ლაპარაკობს, მიუხედავად მძიმე შეცდომებისა და ამდენი შეცდომისა… მე პირადად, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, ამაში დარწმუნებული ვარ. საკმარისად მაქვს განათლება მიღებული, ვიცი, ანალიზის უნარიც მაქვს, ეს იყო თავდადება, უზომო შრომა. არ ვიცი, რა შეცდომებზეა ლაპარაკი.
ვიღაცამ თუ უკანონოდ სამსახური დაკარგა, ან რაღაც, შეიძლება, უფრო ქვედა დონეზე რაღაცა ხდებოდა, არამგონია, ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო, ჩემს შვილს ყველაფერი კარგი უნდოდა ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა და შეძახილებით არ შეწყვეტს.