სამშობიაროებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყებას ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციისა და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორმა თამუნა მუსერიძემ 31 აგვისტოს მიაწოდა. “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე.
მუსერიძის ინფორმაციით, საქმეების ნაწილს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა, ნაწილს კი ხანდაზმულობა არ ეხება და შსს-მ 5 ყველაზე მძაფრი საქმე ჩაინიშნა. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ყველაზე მძაფრი ქეისი ჩაინიშნა და გვითხრეს, რომ მოკვლევას დაიწყებენ, უარით არ გამოგვისტუმრეს”- აღნიშნავს ის.
მუსერიძე ბავშვების გაშვილების სქემაზეც ჰყვება.
“შინაარსი არის ერთი და იმავე, რომ გააჩინა ბავშვი, ის იყო ჯანმრთელი. მესამე დღეს დედას უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. შესაბამისად, გარდაცვლილი ბავშვი უნდა დაკრძალულიყო სამშობიაროს სასაფლაოზე, იმიტომ, რომ თურმე ასეთი წესი იყო. თუმცა მსგავსი ფაქტი არცერთ სასაფლაოზე არ ყოფილა, არცერთ სასაფლაო არ კრძალავდა ბავშვს და არც ჰქონია არცერთი სამშობიაროსთან ხელშეკრულება, რომ რომელიმე სასაფლაოზე უნდა ყოფილიყო ადგილი.
მეორე სამშობიაროში ჰქონდათ ერთი განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი გაყინული ბავშვები და იმ შემთხვევაში თუ მშობელი მოითხოვდა, ვითომ გარდაცვლილი შვილის ნახვას, აჩვენებდნენ იმ ბავშვს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ბავშვებს ყიდულობდნენ ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ახლა ბაზარში ვყიდულობთ ხორცს”, – აცხადებს მუსერიძე “ტვ პირველთან”.