თბილისის მერი დღეს დაგეგმილ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” აქციაა.
კახა კალაძის განცხადებით, რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში ვერავინ შეიყვანს:
“დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა.
ყველა წარმატება, ევროპის მიმართულებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, არის ხელისუფლების გაკეთებული საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს საქართველოს”, – აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია – “შინ ევროპისკენ” იმართება.
ორგანიზატორების თქმით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ.
21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.