მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ სახელმწიფო ექსპერტიზა დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელია.
ადვოკატის თქმით, ეჭვის საფუძველი კი ის გარემოება გახდა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზამ მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევები დაიწყო და სამხარაულის ბიუროს საქართველოს ხელისუფლებამ ისე მიმართა, რომ ადვოკატებისთვის არც უცნობებიათ.
„მთავრობის ეს კონსპირაციული ნაბიჯები ადვოკატებს უჩენს განცდას, რომ წინასწარ უკვე გადაწყვეტილია, გაყალბებული ექსპერტიზის დაწერა და მძიმე ავადმყოფი სააკაშვილის ჯანმრთელად გამოცხადება.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამხარაულის ექსპერტიზა დადებს სააკაშვილისთვის საზიანო საექსპერტო დასკვნას. კარგად ვიცი, როგორ მუშაობს “სამხარაულის” და ზოგადად, სახელმწიფო საექსპერტო ბიუროები. გახარიამ შარდი არ ანდო სამხარაულის ბიუროს და ადამიანის სიცოცხლე როგორ უნდა ვანდოთ.
მინდა ვუთხრა სამხარაულის ექსპერტებს, ტყუილად ნუ წვალობენ.
გვარებით ვიცი ვინ იღებს ექსპერტიზაში მონაწილეობას. ვის რა დასკვნას დააწერინებენ, სად ხდება ეს მოლაპარაკებები. ექიმებს ეძებენ და უჭირთ მოძიება – ბევრი ეუბნება უარს. აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია მომდის”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.