LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხის მოგზავნა და თხოვნები არ გამოვა” – რა თემებს შეეხო კალაძე

96
DMIV2254

“მოვუწოდებ კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ხალხის გამოგზავნა და თხოვნები – არ დაგვაჯარიმოთო, არ გამოვა” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გლდანში, ბოჭორიშვილის და ხარაძის ქუჩებზე სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც კომპანიას აღნიშნული გზების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

“როგორც იცით, გლდანის რაიონის გამგეობა ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, სადაც პრობლემები გვქონდა. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ინსპექცია და ლაბორატორია შესამოწმებლად შევიდა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო გზა მოასფალტებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა – კომპანიას დაევალა, რომ ყველაფერი თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ სამშენებლო კომპანიებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ხარისხიანად შეასრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს გადაცდომებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

“გვინდა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ გადაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ასეთმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ მონაწილეობა”,- აცხადებს კალაძე.

 

ისწავლე და დასაქმდი

მთავრობის სხდომაზე კალაძემ პროფესიული გადამზადების პროგრამაზე “ისწავლე და დასაქმდი” ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსურველების განცხადებების მიღება მარტში დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო ორ წელთან შედარებით პროგრამის განსახორციელებლად წელს თანხები გაორმაგებულია და შესაბამისად გადამზადებას მეტი ადამიანი შეძლებს.

“ორი წელია რაც პროფესიული გადამზადების პროგრამა – “ისწავლე და დასაქმდი” დავიწყეთ. ასეთ შედეგს და წარმატებას არ ველოდით. სულ, დაახლოებით, 2 000 ადამიანი გადამზადდა და მათგან 70% დასაქმებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წელს, პროგრამისთვის თანხები უკვე გამოყოფილი გვაქვს, თუმცა ვაორმაგებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ზუსტად ვიცით ის მოთხოვნები, რაც ზოგადად, ბიზნესსექტორს გააჩნია, რა მიმართულებით სჭირდებათ ყველაზე მეტად გადამზადებული კადრები. ამ ყველაფრის მიხედვით ვახდენთ მათ გადამზადებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მსურველებს უფასოდ გადამზადების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდა.

თბილისს 126 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატება (ვიდეო)

მომდევნო ეტაპი კი 18-მეტრიანი ავტობუსებია.

“მსურველებს შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გასწავლოთ და დასაქმებაში ხელი შეგიწყოთ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

აიკრძალება

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განიხილა, საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაციაა.

როგორც კალაძემ აღნიშნა 2021 წლის 1 იანვრიდან, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზება აიკრძალება. ამ ახალი რეგულაციის მიზანი მტვრის შემცირება და ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოქმედი რეგულაციები საკმაოდ ეფექტურია, თუმცა, არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების მიღება აუცილებელია

“დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა, ძალიან ეფექტიანად იმუშავა – ამ დრომდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად ნაბიჯები გადადგმულია

რაც შეეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს, კალაძეს თქმით, მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადებული. მისი თქმით, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების კუთხით, დედაქალაქის მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

“ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი. ცხრა მიწის ნაკვეთზე უკვე გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და საერთო ჯამში, დაზარალებულ ოჯახებს 58 300 კვადრატული მეტრის თეთრი კარკასის საცხოვრებელი ფართები უნდა გადაეცეს”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ აღნიშნა, რომ დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები მშენებლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ამ ეტაპზე, სოფელ დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთებზეა გამოცხადებული, რომელთა ჯამური ფართობი 5 616 კვადრატულ მეტრია.

 

დღეს მთავრობის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ

თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება (ვიდეო)